სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედამ, ლელა ქსოვრელმა მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განხილვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ განუცხადა.
როგორც პროკურორი განმარტავს, გარდაცვლილ ბავშვს სხეულის სხვადასხვა ადგილებზე დაზიანებები ჰქონდა, რაც მასზე დედის მხრიდან სისტემატურ ძალადობას გულისხმობს.
„დაზიანებების სიმრავლე და მათი განლაგება სხეულის ყველა ნაწილში, ჩვენი და ექსპერტიზის მოსაზრებით, გამორიცხავს ერთჯერადი დაცემის შედეგად დაზიანების მიყენებას ამასთანავე, დასკვნის მიხედვით, სიკვდილის დადგომამდე, მოკლე პერიოდშია მიღებული ეს დაზიანება. არასრულწლოვანს არაერთი დაზიანება აქვს მიყენებული, რომელთა ხანდაზმულობაც სხვადასხვაა. მათ შორის არის, 4-5 დღის, ასევე 8-9 დღის დაზიანება. ამიტომ ლელა ქსოვრელს არამარტო ერთჯერადი მძიმე დაზიანების მიყენებისთვის აქვს ბრალი წაყენებული, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სისტემატიური ძალადობისთვისაც, რაც არასრულწლოვნის მიმართ მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ასევე გადაისინჯა ქსოვრელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა და ის უცვლელი დარჩა. ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
„2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან – 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, სანზონაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა გარდაცვლილი გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.