არც დიზაინერი, არც მხატვარი, არქიტექტორი ან სხვა ვინმე არავინ დახმარებია, ყველაფერი თავისით გააკეთა.
მეცენატი, ქველმოქმედი თუ სპონსორი – არც ესენი დახმარებიან. არანაირი გრანტი არ მიუღია. ხან სესხით, ხან ლომბარდით ააშენა მუზეუმი.
მუზეუმიდან სახლამდე კილომეტნახევარია. ოროთახიან ბინაში ცხოვრობს 4 სული. ორივე შვილი აქ მუშაობს. გოგონა ჩუქურთმებს ჭრის, 23 წლის თამთა.
აქ ყველაფერი საავტოროა. მსოფლიოს 8 პრეზიდენტს საჩუქარი გაუკეთა. ასევე ნობელის ლაურეატების საჩუქარი გაუკეთებია, “სუხიშვილებს”, “ერისიონს” და ვის არა…
ეს იშვიათი კაცი ქემალ თურმანიძეა, ეს უნიკალური ადგილი კი ქართული სოფელია ერთ სივრცეში, ეთნოგრაფიული მუზეუმი “ბორჯღალო”.
მუზეუმი ბათუმშია, კახაბერის დასახლებაში, მიხეილ შარაშიძის 14 ნომერში.
ეს პირველი კერძო მუზეუმია ჩვენს ისტორიაში.
ის, რასაც ბათუმში ჩასულები ნაკლებად აკეთებენ
პირველი 10 მანეკენი სხვამ გააკეთა, მაგრამ დროში გაიწელა და ხარჯი იყო, ამიტომ დანარჩენი 34 მანეკენი დამხმარესთან ერთად თავად შექმნა. სულ ჯამში 64 მანეკენია. ცხოველების ფიტულები კიდევ უფრო მეტია. ფიტულები მონადირეებისგან შეისყიდა, ქიმიურად დაამუშავა. ტყავიც შეძენილია.
1980-84 წლებში ხეზე კვეთა დაიწყო და კოლხური ცივილიზაციის ამსახველი ნაკეთობები გააკეთა. სარკეში იყურებოდა და ასე გააკეთა საკუთარი ავტოპორტრეტი (1983 წელს). ამ მიმართულებით სამჯერ პირველი ადგილი აიღო საქართველოში. სახელმწიფო პრემია, ღირსების ორდენი… არის დამსახურებული მოღვაწე.
“ოთხ ენაზე მოსაუბრე გიდი გვყავს, მაგრამ კორონავირუსის გამო ყველა შვებულებაში არიან. ახლა მხოლოდ მე და ჩემი შვილი ვმუშაობთ. ზოგჯერ 2-3 დღე ისე გადის, რომ არავინ მოდის, ზოგჯერ დღეში 4 ან 5 კაცი შემოდის. არადა, პანდემიამდე ავტობუსებით მოდიოდნენ ტურისტები. საკმაო რაოდენობის ვიზიტორები გვყავდა, ისე, რომ 9 თანამშრომელს ხელფასს ვუხდიდი. ახლა მხოლოდ ადგილობრივი ტურისტები მოდიან, მაგრამ ნაკლებად აინტერესებთ. ასე ამბობენ, ეს ხომ ისედაც ვიცითო.
1986 წელს დავიწყე საქმიანობა. ჩურჩხელა, მანეკენი, ხეზე ნაკეთობა, სალოცავთა მაკეტები და სხვა ყველაფერი არის ჩემი ხელით გაკეთებული. სახელმწიფომ გადმოგვცა ეს ტერიტორია. მხოლოდ ერთი შენობა და 6 ძირი ხე იყო. ყველაფერი მოვაწყვე და შევქმენი პირველი კერძო მუზეუმი საქართველოში.
5 წელია, რაც გაიხსნა. მანამდე კოლექცია მქონდა. ხალხის ინტერესიდან გამომდინარე შევქმენი ეს მუზეუმი.
ჩამოვაყალიბე და შევქმენი მხატვრული დამუშავების წრე. ხეზე კვეთას ვასწავლიდი. ახლა უბრალოდ დრო აღარ მაქვს.
დავიწყე მუშაობა, გამოფენებში ვიღებდი მონაწილობას, შემდეგ პატარა ეთნოგრაფიული კუთხე შევქმენი, ჟურნალისტები დაინტერესდნენ. მერე და მერე მინდოდა უფრო მეტი დამეხვედრებინა, რაიონებში ვათვალიერებდი მუზეუმებს. 2004 წლმდე კოლექციონერი ვიყავი. მერე მანეკენი დაემატა, გაფართოვდა, მოთხოვნადი გახდა. ამის შემდეგ გადმოგვცეს მიწა და კოლექციას უკვე ვერ ვუწოდებდით. ამიტომ დაერქვა პირველი კერძო მუზეუმი საქართველოში.
მეცუტრეობასა და მეჩაიობაში დამატებას ვაპირებ. ჩანჩქერიც უნდა დაიხვეწოს და წისქვილი აშენდეს”.
მუზეუმში შესვლა ქართველი ვიზიტორებისთვის 5 ლარია, სტუდენტებისთვის 2 ლარი.
მანეკენები ასახავენ ადგილობრივი მოსახლეობის ყოფასა და ტრადიციებს. სხვადასხვა ასაკის, ხასიათის და საქმიანობის ადამიანები არიან. საინტერესოა, რომ ექსპოზიცია ფოლკლორული მუსიკის თანხლებით არის წარმოდგენილია.
ცალკეა თავად ქემალ თურმანიის ხელნაკეთობების კოლექცია, რომლებმაც არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.
მუზეუმი საკმაოდ დიდ ფართობზე, მწვანეში ჩაფლულ სივრცეშია განთავსებული. აქ შეგიძლიათ იხილოთ 9 მეტრ სიმაღლის ჩანჩქერი.
მუზეუმში წარმოდგენილია აჭარისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები, ხალხური რეწვის დარგები, აგრარული მეურნეობა, ყოფითი ცხოვრება.
გათვალისწინებულია ჩაცმულობა, ასაკი და სახის ნაკვთებიც კი. ნახავთ გასული საუკუნის ოჯახებს. ასევე მეჩეთებს, კათოლიკურ, სომხურ, ებრაული ეკლესიების ხის მაკეტებს, საცხოვრებელ სახლებს და ეს ყველაფერი ძალიან ახლოდან, დამცავი მინების გარეშე.
თითოეული დარგი, მანეკენი, მაკეტი თუ ხეზე კვეთილობის ნიმუში შექმნილია ერთი პიროვნების, მუზეუმის დამაარსებლის მიერ.
მოკლედ, იმოგზაურეთ აჭარაში ბათუმიდან გასუვლელად.