შიდა ქართლის რეგიონში 430 ჰექტარ მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. ამის შესახებ ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, 84-მა ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ჯამურად 2 881 000 ლარის დაფინანსება მიიღო.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, პროექტ ”დანერგე მომავლის” ფარგლებში შიდა ქართლში: გორის, ქარელის, კასპის და ხაშურის რაიონებში 430 ჰექტარ მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ქლიავი, ატამი, ბალი და ნუში გაშენდება. ხოლო უშუალოდ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში 16-მა ბენეფიციარმა უკვე 74 ჰექტარი ფართობის ხეხილის ბაღები გააშენა.
ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი, დღეის მონაცემებით, 1 292 ჰექტარს შეადგენს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 6,4 მილიონ ლარს აღემატება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის,ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
- ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემისღირებულების 50%-ს;
- სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს.
პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 –1 200 ჰექტარზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30–40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.