LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარტნიორო ფონდი ესპანეთში პოტენციურ ინვესტორებს ეძებს

rsz_shutterstock_128303723

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

საპარტნიორო ფონდი ინფორმაციით, ოფიციალურ დელეგაციაში ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია და პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი შედიან. მადრიდში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას იღებს საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში ილია გიორგაძე.

ვიზიტის მიზანი ესპანეთის ბიზნეს კომპანიებთან დაგეგმილ შეხვედრებზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა, „საპარტნიორო ფონდის“ პროექტების პრეზენტაცია და პოტენციური ინვესტორების მოზიდვაა.

„საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალური დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში „CEOE International“- ის პრეზიდენტს მარტა ბლანკო კესადას შეხვდა. „CEOE International“-ი სხვადასხვა ბიზნეს სექტორის 2 მილიონზე მეტ მსხვილ კომპანიას, მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოებსა და თვითდასაქმებულ მეწარმეეებს აერთიანებს. ესპანეთის დამსაქმებელთა და მრეწველთა გაერთიანება (CEOE) 40-ზე მეტ წელს ითვლის და რეგიონში უმსხვილეს ორგანიზაციას წარმოადგენს.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციისთვის „CEOE International“-ში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესპანეთის 50-მდე სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ფონდის დელეგაციამ „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოაწყო. „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ესპანეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ფონდში მიმდინარე პროექტები, საქართველოს ბიზნეს კლიმატი, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და რეგიონის მასშტაბით, ქვეყნის კონკურენტული უპირატესობები გააცნო. მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა B2B შეხვედრები.

ფონდის დელეგაცია მადრიდში სამხრეთ-ამერიკულ კომპანია „Research pharmaceutical“-ის გენერალურ მენეჯერს ხუან პენიალვერსაც შეხვდა. კომპანია საქართველოში სოფლის მეურნეობის, ტექსტილისა და ფარმაციის სფეროებში ინვესტირებით არის დაინტერესებული. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მადრიდში ვიზიტისა და საქმიანობის შესახებ ცნობილი ესპანური მედია გამოცემა „EL PAIS“-ი დაინტერესდა. ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ გამოცემას საქართველო-ესპანეთს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლვი პროექტების შესახებ ესაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g