საქართველოს საპატრიარქო მე-13 საუკუნეში აგებულ ყინწვისის ტაძარში მარმარილოს ახალი იატაკის დაგებას ეხმაურება.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, იატაკი სიძველეს არ წარმოადგენდა, თუმცა მისი შეუთანხმებლად შეცვლა მაინც ყოვლად გაუმართლებელი ნაბიჯია.
“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის ტაძარში, ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით გასული საუკუნის 70-იანი წლების იატაკი შეიცვალა მარმარილოს ფილებით.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული იატაკი არ წარმოადგენდა სიძველეს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად არის ყოვლად გაუმართლებელი.
ყინწვისი XIII საუკუნის ნაგებობა და კულტურული მემკვიდრეობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სათანადო ნებართვით.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ძეგლი არ დაზიანებულა, მაგრამ დაგებული იატაკი სრულ დისონანსშია ტაძართან და საჭიროა ამჟამად არსებული რეალობის სასწრაფოდ გამოსწორება, რაც სრულიად შესაძლებელია”
ყინწვისის ტაძრის წინამძღვრის თვითნებურ ქმედებაზე საპატრიარქო ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის რეაგირებას ელოდება:
“ცნობისათვის აღვნიშნავთ, რომ ყველა ეპარქიას მისი მღვდელმთავარი განაგებს და მონასტრის საძმოს სურვილი ამა თუ იმ ეკლესიაში სამშნებლო სამუშაოების ჩატარებისა, პირველ რიგში, მმართველი იერარქისგან და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსგან უნდა იყოს ნებადართული, ხოლო როდესაც საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ასეთი სახის საქმიანობა აუცილებლად უნდა შეთანხმედეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთანაც. ეს არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დადგენილი წესი, რომლის დაცვა ყველას მართებს. მოცემულ შემთხვევაში კი ყველა საფეხურზე დარღვევას ჰქონდა ადგილი.
საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, ველოდებით ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის რეაგირებას ყინწვისის ტაძრის წინამძღვრის თვითნებურ ქმედებაზე”- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში
ყინწვისის მონასტერში ადგილობრივი ეპარქიის სასულიერო პირებმა, იატაკი გამოცვალეს და მარმარილო დააგეს, რაც ძეგლთა დაცვის სააგენტომ თვითნებობად და ფასეულობათა ხელყოფად შეაფასა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მარმარილოს იატაკის მოწყობას უკანონობად აფასებს
ამასთან, სააგენტო შსს-სთვის მიმართვას არ აპირებს, რის გამოც, მონასტერში მეტლახის დაგებაზე გამოძიება არ დაიწყება.