LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქომ მედიისთვის რეგულაციები შემოიღო

67
ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განაცხადებით, საპატრიარქოს სხვადასხვა ღონისძიების გასაშუქებლად, მედიისთვის შემოღებული იქნება რეგულაციები.

როგორც ჯაღმაიძემ დღეს, საპატრიარქოში, გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რეგულაციებში იგულისხმება წინასწარი აკრედიტება, რიგ შემთხვევებში კი საპატრიარქო თავად გადაწყვეტს ღონისძიებაზე მედიის დასწრების საკითხს.

„გამომდინარე იქიდან, რომ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი არ იზიარებს საპატრიარქოს მიდგომას, შესაბამისად არ იცავს წესრიგს, რომელიც ეფუძნება კანონს, საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით:

მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაცია საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც გამომდინარე საჭიროებებიდან, ზოგ შემთხვევებში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

როგორც მანვე აღნიშნა, საპატრიარქოს საკუთრების უფლება ანიჭებს შესაძლებლობას, „თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი.“

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, რის საფუძველზეც წინასწარ შეატყობინებს საზოგადოებას და მედიას ინფორმაციას რეგულაციების თაობაზე.

„შესაბამისად, აუცილებელი იქნება, ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, რიგ შემთხვევაში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას, გააკონტროლოს მედიის დასწრების საკითხი.“– განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მანვე დასძინა, რომ რეგულაციები მიმართულია საღვთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად.

ცნობისთვის, დღესვე საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს.

magti 5g