LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების ვინაობა ცნობილია

109
საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს – მმართველობითი საბჭოს შესარჩევი კონკურსი დასრულდა. შესარჩევმა კომისიამ, რომელიც საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებისა და რამდენიმე დამოუკიდებელი წევრისგან შედგებოდა, 8 საუკეთესო კანდიდატი გამოავლინა. შერჩეულ კანდიდატთა შორის 3 უცხოელი და 5 ქართველი პირი შეირჩა.

მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი 2024 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მასში მონაწილეობა 100-მდე უცხოელმა და ქართველმა კანდიდატმა მიიღო. მსურველთაგან შემდგომ შესარჩევ ეტაპზე 38 გადავიდა, საბოლოო გადაწყვეტილებით კი სამი წლის ვადით შეირჩა: მაიკლ რიდლი, ჟან-ფრედერიკ პოლსენი, ფრედერიკ არტეზანი, ლევან შავკაციშვილი და გრიგორი მორჩილაძე, ხოლო ორი წლის ვადით: თეონა გუნცაძე, თამარ ტყეშელაშვილი და გიორგი მაისურაძე.

აღსანიშნავია, რომ შერჩეული კანდიდატებიდან ორი – მაიკლ რიდლი და ჟან-ფრედერიკ პოლსენი ამ დრომდე ასრულებდნენ საინვესტიციო საბჭოს წევრის მოვალეობას.

ინფორმაცია მმართველობითი საბჭოს წევრების შესახებ:

ფრედერიკ არტეზანი – აქვს 40 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში, მათ შორის აქტივების მართვის მიმართულებით. 2005-2010 წლებში იკავებდა ესპანური ნავთობის კომპანიის (CEPSA FONDO DE PENSIONES) საპენსიო სქემის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციას (მადრიდი, ესპანეთი). 2010 წლიდან 2023 წლამდე იყო კოსოვოს საპენსიო სქემის (KPST) მმართველობითი საბჭოს წევრი და საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარე. ფრედერიკ არტეზანს მიღებული აქვს ეკონომიკის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტისგან, ასევე, სხვადასხვა დროს სწავლობდა ლონდონის და მადრიდის უნივერსიტეტებში.

მაიკლ რიდლი – აქვს 40 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება საინვესტიციო საბანკო საქმეში ლონდონსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, იყო J.P. Morgan-ის ვიცე-თავმჯდომარე. ამავე საინვესტიციო ბანკში იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს, ფიქსირებული შემოსავლიანობის ფინანსური ინსტრუმენტების და სტრუქტურული ფინანსების პროდუქტების მიმართულებით. იყო Solomon Brothers-ში მმართველი დირექტორი და ხელმძღვანელობდა ფიქსირებული შემოსავლიანობის ინსტრუმენტების მიმართულებას. მაიკლ რიდლი ამჟამად ისლანდიის ფინანსთა მინისტრის მრჩეველია მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის, საბანკო სისტემის სტრუქტურის მიმართულებით და ისლანდიის სუვერენული ფონდის საკითხებში. აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტის Trinity College-ში მიღებული მაგისტრის ხარისხი კლასიკაში, ფილოსოფიაში და უძველეს ისტორიაში.

ჟან-ფრედერიკ პოლსენი – 2023 წლის ივლისიდან არის ფარმაკოლოგიური კომპანიის „Ferring Ventures SA“ აღმასრულებელი დირექტორი. იგი კომპანიას 2020 წელს შეუერთდა, ხოლო 2021 წლის ივლისში გახდა დირექტორთა საბჭოს წევრი. ბატონი პოლსენი 2015 წლიდან ასევე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2017-2019 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველი სხვადასხვა მიმართულებით. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ფინანსებსა და ბუღალტერიაში ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან (LSE).

გიორგი მაისურაძე – 2022 წლიდან დღემდე ასრულებს IDS Borjomi International დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას. არის საპატიო კონსული სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში (საქართველოში), ასევე ასრულებს LUKOIL საქართველოში ლოჯისტიკის და B2B გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას. გიორგი მაისურაძე იყო „YTONG CAUCASUS საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მას არაერთ ქართულ და უცხოურ ბანკსა და საფინანსო ორგანიზაციაში აქვს მიღებული გამოცდილება. ფლობს მანჩესტერის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში და კავკასიის ბიზნეს სკოლის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში ფინანსების სპეციალიზებით.

ლევან შავკაციშვილი – აქვს საფინანსო სექტორში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. 2010-2017 წლებში მუშაობდა Citibank-ის ლონდონის ოფისში, სადაც 2012 წლიდან ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა სტრუქტურირებული დაფინანსების მიმართულებით და ფარავდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონს. 2018-2023 წლებში ხელმძღვანელობდა თიბისი ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების მიმართულებას, ხოლო 2023-2024 წლებში საინვესტიციო ბანკის „გალტ & თაგარტი“ აღმასრულებელი დირექტორის და უფროსი მრჩევლის პოზიციას იკავებდა. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი 2010 წელს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის ბიზნეს სკოლაში. ამასთან, 2023 წელს გაიარა სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის აღმასრულებელი პროგრამა (Stanford Executive Program) კალიფორნიაში.

გრიგორი მორჩილაძე – 30 წელზე მეტია მოღვაწეობს ფინანსური სერვისების, საინვესტიციო მენეჯმენტისა და ეკონომიკური განვითარების სფეროში. ამჟამად იკავებს Foresight Investment Group-ის ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის დირექტორის პოზიციას. მისი პროფესიული გამოცდილება უკავშირდება აქტივების მართვას, რისკების შეფასებასა და სტრატეგიული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას. იგი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველი და საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის წევრი. კარიერის განმავლობაში ასევე ეკავა მაღალი პოზიციები ქართულ საფინანსო ინსტიტუტებში და უძრავი ქონების სექტორში. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ინჟინერიის ფაკულტეტზე.

თეონა გუნცაძე – აქვს ოცდახუთწლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში, მათ შორის ოცწლიანი გამოცდილება უმაღლეს თანამდებობებზე. ბოლო 15 წლის განმავლობაში იკავებდა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის (Wealth Management) ოპერირების ხელმძღვანელის პოზიციას. ასევე აქვს გამოცდილება საბროკერო კომპანიებთან და დეპოზიტარებთან ურთიერთობაში. 2007-2008 წლებში იყო „გალტ & თაგარტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე საოპერაციო მიმართულებით. აქვს ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, ხოლო ფინანსების მართვის სპეციალიზაციით ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი – მართვის ევროპული უმაღლესი სკოლა ESM-თბილისისგან.

თამარ ტყეშელაშვილი – 2021-2024 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე. სხვადასხვა დროს ეკავა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის და სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის პოზიცია. იყო პრემიერ-მინისტრთან არსებული ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფების წევრი და 2015-2019 წლებში იურიდიული ფირმის MKD პარტნიორი. ეკავა შპს „ენერგოტრანსის“ იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაც. თამარ ტყეშელაშვილს აქვს ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორთან ურთიერთობის მიმართულებითაც, მათ შორის, მსხვილი საინვესტიციო პროექტების იურიდიული მხარდაჭერით. ფლობს სამართლის მაგისტრის ხარისხს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

შეგახსენებთ, საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო – მმართველობითი საბჭო, რომელიც აქამდე არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად ჩამოყალიბდა, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის ივნისში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიქმნა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობა, პროფესიონალ წევრთა შერჩევის წესები და პროცედურები, მათი განათლების, სამუშაო გამოცდილების დამატებითი კრიტერიუმები და სხვა მოთხოვნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g