აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებით საქართველო და მოლდოვა შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.
4 მაისს გამართულ ბრიფინგზე, პრაისმა უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა აშშ მოლდოვასა და საქართველოსთვის დამატებითი სამხედრო დახმარების საკითხს და ხედავს თუ არა ვაშინგტონი ამ ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ახალი აგრესიის საფრთხეს.
ნედ პრაისის განცხადებით, აშშ საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია, ამ ვალდებულების დემონსტრირებას სხვადასხვა გზით ახდენს და მხარდაჭერას გააგრძელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ-ს რეგიონში, მათ შორის თბილისში, თავის პარტნიორებთან მუდმივი კავშირი აქვს საელჩოების და დეპარტამენტის მეშვეობით.
ნედ პრაისის განცხადებით, ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ჰქონდეს რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც აგრესიის განზრახვა, მაგრამ, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება აჩვენებს ვაშინგტონის პასუხს და იმას, რომ აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები მსგავს ქმედებას არ მოითმენენ.