17 თებერვალს სასტუმრო „რედისონში“, თბილისი უკვე მეორედ უმასპინძლებს პრესტიჟულ ტურებზე გათვლილ ღონისძიებას ტურისტული ბიზნესის პროფესიონალებისთვის – B2B Luxury & MICE ვორქშოპს. B2B Luxury & MICE ვორქშოპი აერთიანებს სხვადასხვა ტურისტული დესტინაციის პროდუქტებს და აცნობს მათ ახალ ბაზრებს, სადაც ტურიზმი და განსაკუთრებით მდიდრულ სეგმენტზე გათვლილი ტურიზმი ყალიბდება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ტურიზმის მარკეტინგის ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია TMI Consultancy (Travel Consul Alliance-ის წევრი) და მისი პარტნიორი საქართველოში – მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია BRANDOR Consulting-ი. TMI უკვე მე-8 წელია ყოველწლიურად ატარებს მსგავსი ტიპის საერთაშორისო დონის ვორქშოპებს ბაქოში და ალმა-ატაში.
B2B Luxury & MICE ვორქშოპი არის დახურული ღონისძიება პროფესიონალებისთვის. ვორქშოპზე წარმოდგენილია მაღალი კლასის ტურისტული პროდუქტები, მათ შორის მდიდრული სასტუმროები, დესტინაციის მართვის კომპანიები და ის ტურისტული ადგილები, რომლებსაც ეროვნული ტურისტული საბჭოები წარმოადგენენ. ვორქშოპზე მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟებულნი არიან გამყვან ტურებზე ორიენტირებული წამყვანი ქართული ტურ-ოპერატორები, რომელთაც საშუალება ექნებათ შეხვდნენ და პირისპირ გაესაუბრონ პრესტიჟულ საერთაშორისო მონაწილეებს.
წელს B2B Luxury & MICE ვორქშოპი საქართველოს ბაზარზე პირველად წარადგენს პრესტიჟულ ახალ მიმართულებებს, როგორიცაა: სლოვენია, მონაკო, დუბაი, საბერძნეთი და, ასევე, უკვე მეორედ სინგაპური და დომინიკის რესპუბლიკა.
TMI-ის დირექტორის და B2B Luxury & MICE ვორქშოპის ორგანიზატორის, ჰელენ ლოიდის განცხადებით, TMI არ განიხილავს საქართველოს, როგორც მხოლოდ დინამიურ გამყვან ტურისტულ ბაზრად, არამედ, მიიჩნევს მას როგორც სწრაფად განვითარებად შემომყვან ტურისტულ დესტინაციად, რომელიც შესაფერისია როგორც დასვენებისთვის, ისე ბიზნეს შეხვედრებისთვის და ღონისძიებებისთვის.
„შესანიშნავია, რომ მაქვს შესაძლებლობა დავბრუნდე თბილისში და წარვადგინო ჩვენი ტექნოლოგიური პარტნიორი საერთაშორისო კომპანია CHUTE, რომელიც საქართველოს პირველად ესტუმრება. CHUTE ეხმარება დესტინაციებს, სასტუმროებს და სხვა ტურისტულ პროდუქტებს, რომ გაზარდონ მათი წარმოჩენა სოციალურ მედიაში,”- აღნიშნა ჰელენ ლოიდმა.
B2B Luxury & MICE ვორქშოპის დირექტორის, მარია გორბაჩოვას განცხადებით, საერთაშორისო მონაწილეები წინა წელს აღფრთოვანებულები დარჩნენ ბაზრის პოტენციალით და წელს მასში მონაწილეობა 30%-ით არის გაზრდილი.
„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ წარმატებით ჩატარებული 2017 წლის ვორქშოპის შემდეგ ჩვენი ღონისძიება კვლავ ბრუნდება საქართველოში. ჩვენ განსაკუთრებით თბილად მივესალმებით სლოვენიას, რომელიც წელს პირველად იღებს მონაწილეობას ღონისძიებაში და არის ვორქშოპის ოფიციალური დესტინაციის პარტნიორი. ის სთავაზობს ყველა მონაწილეს სლოვენიის ინოვაციურ გაცნობას და არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სიყვარულის აღმნიშვნელ ინგლისურ სიტყვას ატარებს დასახელებაში (Love). ასევე, წელს ვორქშოპში პირველად მიიღებენ მონაწილეობას შემდეგი ახალი დესტინაციები: დუბაი, მონაკო და საბერძნეთი,”- განაცხადა მარია გორბაჩოვამ.
ვორქშოპზე მდიდრული ტურიზმის სამყარო წარმოდგენილია რამდენიმე კარგად ცნობილი და ნიშური ბაზრის 5* ვარსკვლავიანი სასტუმროს ბრენდებით, როგორიცაა: Belmond, Bahia Principe ესპანეთიდან, Duetorrihotels იტალიიდან, Chateau de la Messardiere საფრანგეთიდან, Losinj Hotels & Villas ხორვატიიდან, Grecotels ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი საბერძნეთიდან, ასევე, Italian Hospitality Collection, რომელიც წარმოადგენს მაღალი კლასის იტალიურ ბრენდს და საქართველოს ბაზარზე წელს პირველად იქნება წარმოდგენილი.