„ბევრი ადგილი გადამიღია და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო სილამაზით არც ერთ ქვეყანას ჩამოუვარდება. მისი სილამაზისა და მზარდი კინოინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება შემდეგი პროექტის საქართველოში გადაღება“, – მეთიუ ზამიას, კინოპროდიუსერი.
მეთიუ ზამიასი ერთ-ერთია ჰოლივუდის კინოინდუსტრიის იმ წარმომადგენლებიდან, რომლებიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ესტუმრნენ.
სკაუტები გაეცნენ საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს. ამასთანავე, მოინახულეს ქვეყნის მასშტაბით გადასაღებად საინტერესო ადგილები. სკაუტებისთვის შედგენილი ტური 16-22 სექტემბერს ჩატარდა და სტუმრებს საშუალებას მიეცათ, მოენახულებინათ თბილისი, მცხეთა, რუსთავი, ყაზბეგი და რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი ბათუმში.
„აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან ახორციელებს პროგრამას „გადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ტერიტორიაზე სცენების გადაღება უკვე განახორციელა არაერთმა კომპანიამ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.