ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს საქართველოში მაღალტექნოლოგიურ ბიზნესებს და განსაკუთრებით ახალი, კრეატიული სტარტაპების განვითარებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups-ის პროგრამის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა.
ნათია თურნავას განცხადებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში მსოფლიოს პრაქტიკულად ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, სტარტაპების აქსელერატორი შემოვიდა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეობდა როგორც სტარტაპების გადარჩევაში, ასევე მათ დატრენინგებასა და ინვესტიციების მოზიდვაში ეხმარებოდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა 500 Startups-მა, თბილისში, შერჩეული სტარტაპებისთვის ექვსკვირიანი ინტენსიური სააქსელერაციო პროგრამა დაიწყო.
საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, 500 Startups-მა პირველ ეტაპზე 15 სტარტაპი შეარჩია, რომლებმაც ივნისი-აგვისტოს პერიოდში სტარტაპ აქსელერაციის საბაზისო და ექპერიმენტირების პროგრამები ონლაინ რეჟიმში გაიარა, ხოლო მომდევნო ეტაპზე 10 ყველაზე სწრაფი ზრდის პოტენციალის მქონე სტარტაპი გადავიდა. შერჩეული 10 სტარტაპიდან 3 უცხოური კომპანიაა, მათ შორის არიან: აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან. პროგრამაში ჩართული გუნდებიდან ტოპ ხუთეული აქსელერაციას საქართველოს ბანკის ინვესტიციით გააგრძელებს. ინტენსიური პროგრამა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაიწყო და 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
500 Startups-ი საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას, საინვესტიციო პოტენციალის განვითარებასა და სტარტაპ კომპანიების მასშტაბირებას გლობალურ ბაზარზე.