LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს პოტენციურზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, შემცირდება მთავრობის ვალი – ხუციშვილი

60
ipiccy-image

საქართველოს ეკონომიკამ 2021 წელს აჩვენა აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი. ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს პოტენციურზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც ხელს შეუწყობს აღდგენის ტემპების გაგრძელებას, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, მან ასევე ისაუბრა იმ შესაძლო რისკებზე, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე და დაასახელა პანდემია, ასევე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გარემო.

ხუციშვილის თქმით, გასული წლის შუა პერიოდიდან, საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენა და 2022 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებლის 70 პროცენტამდე აღდგა. მინისტრის განმარტებით, ტურიზმის აღდგენასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ გაგრძელდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, 2022 წლის ბოლოსთვის – 7.7 პროცენტამდე.

ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტზეც ისაუბრა: „2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი გვაქვს მშპ-ს 4,4 პროცენტის დონეზე, თუმცა ვფიქრობთ, არსებული პროგნოზების მიხედვით, შესაძლებელი იქნება მისი შემცირება 4,1 პროცენტამდე. ბიუჯეტის დეფიციტის პარალელურად, მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოცდება მშპ-ს 48 პროცენტს. მნიშვნელოვანი პარამეტრია მთავრობის დანაზოგების მოცულობაც. აღნიშნული მაჩვენებელი პანდემიამდე მშპ-ს 5 პროცენტის ფარგლებში იყო. პანდემიის გავლენით, 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი უარყოფითი გახდა, ხოლო 2021 წელს 1 პროცენტზე ნაკლები შეადგინა. ეკონომიკური აღდგენის პარალელურად, 2022 წელს მთავრობის დანაზოგების დონე დაუახლოვდება პანდემიამდელ ნიშნულს და 4 პროცენტს გადააჭარბებს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები