9-16 მარტს, თბილისსა და რეგიონებში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული გაიმართება. კვირეულის ჩატარება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება.
კვირეული 9 მარტს თბილისში, სასტუმროში „პულმანი“ გაიხსნება. გახსნით ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და დარგის ექსპერტები.
10 მარტს კვირეულს გარდაბანი, 11 მარტს – გორი, 15 მარტს – ბათუმი, ხოლო 16 მარტს (კვირეულის დახურვა) – წყალტუბო უმასპინძლებს.
ღონისძიების მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიების განმახორციელებელი უწყებები არიან: კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საქართველოს კომუნიკაციების კომისია, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო.
