LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილებას შეუერთდა – რას გულისხმობს გადაწყვეტილება

137
გარემო (1)

საქართველო შეუერთდა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილებას, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ძალისხმევას გლობალური დათბობის მაღალი პოტენციალის მქონე ნივთიერებების – ჰიდროფტორნახშირბადების (HFCs) მოხმარების შესამცირებლად. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული ნივთიერებები, ოზონდამშლელი ნივთიერებების მსგავსად, ძირითადად, მოიხმარება მაცივარაგენტებად ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სექტორში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი დადგენილება მიმდინარე წლის 2 მაისს მიიღო, შესაბამისი ნოტა კი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ჩაბარდა 11 ივლისს.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავდა და საქართველოს პარლამენტმა 16 ივნისს ასევე მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს მაცივარაგენტების მართვის ეროვნული სისტემის გაუმჯობესებას, სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორში მომსახურების ხარისხის გაზრდასა და კიგალის ცვლილების ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებას. განახლებული კანონმდებლობა აწესებს მოთხოვნებს მაცივარაგენტების ჟონვის მონიტორინგის, შეგროვების, აღდგენის, რეციკლირებისა და განადგურების კუთხით; იგი ასევე არეგულირებს ჰიდროფტორნახშირბადების (HFCs) ტრანსსასაზღვრო გადაზიდვას.

ამასთან, მაცივარაგენტების მართვის და ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით, გათვალისწინებულია მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის შექმნა. დაგეგმილია სამაცივრო სექტორში არსებული სერტიფიცირების სისტემის სრულყოფა და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესება. ასევე, მოხდება მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების კვალიფიკაციის ამაღლება და სახელმწიფო აღმასრულებელი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება.

აღნიშნული აქტივობები განხორციელდება მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.