საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების გუშინდელ მატჩზე სპორტის სასახლე გაივსო. პრინციპში ამაში გასაკვირი არც არაფერია. ეს ფიბამაც აღიარა, რომლის ვებ-გვერდზე მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში მაყურებელთა აქტივობას ცალკე სტატია მიუძღვნა.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით თბილისური მატჩი სამეულში შევიდა. საქართველოსა და გერმანიის მატჩს ფიბა-ს ოფიციალური მონაცემებით 8 000 მაყურებელი დაესწრო. ფიბას საიტზე გამოქვეყნებული სტატია, რომელსაც მთავარ ფოტოდ სავსე სპორტის სასახლე ერთვის, ასეა დასათაურებული: “მაყურებლები აგრძელებენ ეროვნული ნაკრებების მხარდაჭერას “.
კულმინაცია დაფიქსირდა ბრაზილიაში, სადაც ქალაქ ჟოანიუს არენაზე 10 500-ზე მეტი მაყურებელი მივიდა ჩილეს ნაკრებთან მატჩზე დასასწრებად, რომელიც ბრაზილიელებმა მოიგეს და დაუმარცხებლად ლიდერობენ თავის ქვეჯგუფში.
მანილას „აზიის არენაზე“ ფილიპინების იაპონიაზე გამარჯვების მოწმე გახდა 10 000-ზე მეტი ფანი.
8 000 ადამიანი შეიკრიბა თბილისის სპორტის სასახლეში G ჯგუფის საინტერესო: საქართველო-გერმანიის მატჩზე, თუმცა გულშემატკივარმა მასპინძელი გუნდის გამარჯვება ვერ იზეიმა.
მაყურებელთა ფანტასტიკური აქტივობის გაგრძელება იქნება 26 თებერვალს ტრევიზოში, სადაც იტალია-ჰოლანდიის მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია.