სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ქვეყანა უკვე სარგებლობს მათ ხელთ არსებული ყველა პრაქტიკული მექანიზმით.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ხავიერ კოლომინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკურ მისწრაფებების მიმართ ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა:
„დღეს დილით ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ადგილზე ვნახე და ასევე ქართული მხრიდან მოწოდებულმა დეტალურმა ინფორმაციამ. ნამდვილად ძალიან კარგი იყო, რომ ის, რის შესახებაც ბოლო კვირების მანძილზე, ვიზიტის დაგეგმვის პერიოდში ვკითხულობდი, ჩემი თვალით ვიხილე.” – თქვა კოლომინამ.
მისივე თქმით, ნატო-ს საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში, ისევე როგორც ავღანეთიდან ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანია:
“მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მადლიერება იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც თქვენმა ქვეყანამ ბოლო წლების მანძილზე შეიტანა ავღანეთში, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ. ასევე აღსანიშნავია საქართველოს როლი ავღანეთიდან განხორციელებულ ევაკუაციის პროცესში.” – განაცხადა კოლომინამ.
შეგახსენებთ, ხავიერ კოლომინამ პოსტზე ჯეიმს აპატურაი ჩაანაცვლა და ის საქართველოს დღეს ვიზიტით პირველად ეწვია.
დღესვე, კოლომინა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მისი ვიზიტის პირველი ლოკაცია სწორედ სოფელი ოძისი იყო, ის ოკუპაციის შედეგებს ადგილზე გაეცნო.