სატრანსპორტო კავშირების გაღრმავებასა და სატრანზიტო დერეფანის განვითარებაზე იმსჯელეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრის შეხვედრაზე. მხარეებმა ისაუბრეს იმ რეგიონული მასშტაბის პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, მათ შორის ბრეშუმის გზის განვითარებაზე.
გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს რეგიონის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრი, რისთვისაც არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის მინისტრმა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარება დაასახელა.
“ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის განვითარება და ამ ჭრილში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან, ერთობლივი პროექტების განხორციელება”, – აღნიშნა გახარიამ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საავტომობილო მიმოსვლის განვითარებაზე. მხარეებმა განიხილეს გადაზიდვის ნებართვების რაოდენობის გაზრდა და ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე გადამზიდავებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა.