LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო საფრანგეთთან საავიაციო დარგში ითანამშრომლებს

149

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) და საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის მთავარი დეპარტამენტი (DGAC), 4 წლის ვადით ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის განახლებას ხელს ხვალ მოაწერენ.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა 2014 წელს გაფორმებული პროგრამის გაგრძელებაა. „გასული პერიოდის განმავლობაში, პროგრამამ მრავალ ქართველ საჰაერო მეთვალყურესა და სამოქალაქო ავიაციის ქართველ ექსპერტს საშუალება მისცა, საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნულ სკოლაში (ENAC) მიეღოთ განათლება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

DGAC-ის საერთაშორისო თანამშრომლობის მისიის ხელმძღვანელი ბერტრან დე ლაკომბი აცხადებს, რომ „ამ თანამშრომლობის განახლება საშუალებას მოგვცემს, ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად, სამოქალაქო ავიაციის ჩვენ ორ სტრუქტურას შორის ნაყოფიერი ურთიერთობა გავაგრძელოთ საჰაერო ტრანსპორტის ყველა აქტუალურ საკითხზე: მიმოსვლის ზრდა, საავიაციო საიმედოობა და უსაფრთხოება, საჰაერო მიმოსვლის მართვა, გარემოსდაცვითი გამოწვევები მაგალითად“.

ეს თანამშრომლობა საავიაციო დარგში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ხარისხის მაჩვენებელია. საფრანგეთი მოწინავე ქვეყანაა საავიაციო სფეროში და ამ სექტორის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია, Airbus-ისა და Thales-ის, ასევე პილოტაჟისა და საავიაციო ინჟინერიის უმაღლესი სკოლების წყალობით. საქართველოში DGAC-ის ჩართულობა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირისა და საქართველოს აეროპორტებს შორის საჰაერო მიმოსვლის ზრდასთან მიმართებაში, რაც განპირობებულია ქვეყანაში ტურიზმის მიმდინარე აღმავლობით“, – აცხადებს საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე.

საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციითვე, გარდა ამისა, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი (GAU) და საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სკოლა (ENAC) გეგმავენ თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას. ENAC ევროკომისიას წარუდგენს კანდიდატურას ERASMUS+ გრანტის მოსაპოვებლად, რათა ორ დაწესებულებას შორის სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლითი პროგრამა დააფინანსოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები