საქართველოში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-ივნისში სამკურნალო საშუალებები იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სამკურნალო საშუალებების იმპორტმა 1614 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 34 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტმა 1486 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.
მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 243 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 219 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).
რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ივნისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რამაც 148 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა.
მეორე ადგილი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა დაიკავა, რაც 75 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე კი ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 74 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.