LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ალბანეთს ბოლოსკენ მოუგო

27

საქართველოს ნაკრებმა ტირანაში დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გუნდმა ქართველი გულშემატკივარი ცოტა ანერვიულა, მაგრამ საბოლოოდ 2 ქულა დამაჯერებლად მოიპოვა – მასპინძლებს 20 ქულით – 84:64 აჯობა.

ქართველებმა 31 აგვისტოს ალბანეთს თბილისში 39 ქულით სძლიეს და ტირანაშიც იოლი გამარჯვების მოლოდინში ვიყავით, მაგრამ მასპინძლებმა პირველ ტაიმში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს, როცა ქართველებმა ძალიან დაულაგებლად და უმოტივაციოდ ითამაშეს. ალბანელთა ხისტი თამაშის წინააღმდეგ ჩვენს გუნდს კომბინაციების გათამაშება არ გამოსდიოდა, შეტევაში კი ზომაზე მეტ ბურთს ვკარგავდით და მასპინძლებს გვერდში ყოფნის საშუალებას ვაძლევდით.

ქართველების შეცდომების ფონზე ალბანელებს სროლებიც წაუვიდათ და ისეთი ფონი შეიქმნა, რომ მოედანზე თანაბარი ძალის გუნდები თამაშობდნენ. ეს ასე რომ არ იყო, მალე გამოჩნდა. მეორე ტაიმში მოედანზე პირველად გამოვიდა თორნიკე შენგელია, რომელიც განაცხადში კი იყო, მაგრამ მწვრთნელებმა მას დასვენების საშუალება მისცეს. თორნიკეს დახმარება საქართველოს ნაკრებს ფრედ დასრულებული პირველი ნახევრის შემდეგ დასჭირდა და მანაც მოედანზე გამოსვლით თამაშს სისწრაფე და ჩვენს ნაკრებს ფარქვეშა პოტენციალი შემატა.

თუმცა სანამ თამაშს დაალაგებდნენ, მესამე პერიოდი გავიდა. ალბანელები ინერციით აგდებდნენ ბურთებს და მესამე პერიოდიც მხოლოდ 5 ქულით – 15:20 დათმეს. ბოლო პერიოდში კვანძი გაიხსნა – შენგელიას და ზაზა ფაჩულიას შემჩერებელი ალბანელთაგან ვერავინ მოინახა, მაიკლ დიქსონმა კი ჩვენიანთა შეტევებს სისწრაფე შემატა.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრები შეუჩერებელი გახდა. ზაზა ფაჩულია ბოლო პერიოდისა და მთლიანად მატჩის ბომბარდირი გახდა 20 ქულით. მატჩის ერთადრთი ორმაგი დუბლი თორნიკე შენგელიამ მიითვალა, რომელმაც 18:48 წუთში 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. სარგებლიანი იყო გიორგი შერმადინი, მან 9-დან 9 საჯარიმო და მთლიანობაში 15 ქულა დააგროვა. 12 ქულით დაასრულა შეხვედრა მაიკლ დიქსონმა, რომელმაც საქართველოს საამმატჩო 3 სამქულიანიდან 2 მიითვალა.

საქართველოს ნაკრებისთის სასარგებლო შედეგებით დასრულდა მატჩები სხვა ჯგუფებშიც, თუმცა მათზე საუბარი ჯერ ზედმეტია. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ილიას ზუროსის გუნდს ევრობასკეტზე გასვლის რეალური შანსი აქვს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო საკვალიფიკაციო მატჩს 14 სექტემბერს, თბილისში, სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს.

ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპი. ტირანა. 10 სექტემბერი
ალბანეთი 64:84 საქართველო
19:20, 17:16, 15:20, 13:28

F ჯგუფი
სლოვაკეთი – მონტენეგრო 62:99

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები