LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ შანხაის ბიზნეს-ფორუმზე 7 მლრდ დოლარის საინვესტიციო პროექტები წარადგინა

103

საქართველომ შანხაიში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე 7 მლრდ დოლარის მოცულობის საინვესტიციო პროექტები წარადგინა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, შანხაიში ჩინურ-ქართული საინვესტიციო ფორუმი პირველად ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

”შანხაი არის მსოფლიოში მესამე უდიდესი ქალაქი, ხოლო ჩინეთში პირველი ქალაქი 25 მილიონი მოსახლეობით და თავისი საკუთარი ეკონომიკით. ეს არის ქალაქი, რომელიც განვითარებულია როგორც ტექნოლოგიურად და კანონმდებლობით, ასევე ინდუსტრიული, თავისუფალი თუ ინოვაციური ზონების თვალსაზრისით. ჩვენ ფორუმზე წარმოვადგენთ შვიდი მილიარდი დოლარის საინვესტიციო პროექტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შესაბამისი გამოხმაურება მოყვება“ განაცხადა ფორუმის დაწყებამდე დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ფორუმს 100-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგნელი ესწრება.

ქუმსიშვილმა ფორუმზე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საინვესტიციო კლიმატსა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მან ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. მისი განცხადებით, ბოლო წლებში რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირების ტენდენციის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო შედეგი აქვს.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა ჩინური ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში. ჩინური კომპანიები საქმიანობენ ისეთ სექტორებში როგორიცაა: მშენებლობა, გზები და ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სხვა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში ჩინეთი მეოთხეა ქვეყნის უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანათა შორის, ხოლო ექსპორტის მხრივ – მეორე. ჩინეთს საქართველოს მთლიან ექსპორტში 9-პროცენტიანი წილი უკავია.

ბიზნეს-ფორუმზე ჩატარდა სექტორული პრეზენტაციები, მათ შორის, ენერგეტიკის, საბანკო სფეროს, საქართველოს ფოსტის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, უძრავი ქონების ბაზრის და ქართული ღვინის ექსპორტის მდგომარეობის შესახებ.

ფორუმზე პრეზენტაციები წარადგინეს საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g