Forbes Georgia-მ, 15 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად, საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის კონსოლიდირებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგში წარმოდგენილი 100 მეწარმის ქონების ჯამური ღირებულება 60.1 მილიარდ ლარს აჭარბებს. ეს მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის 60%-ს უახლოვდება და საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებს, დაახლოებით, 3-ჯერ აღემატება.
რეიტინგში უდიდესი წილი მოდის ისეთ სექტორებზე, როგორებიცაა ფინანსები, ტელეკომუნიკაციები, ჯანდაცვა და უძრავი ქონება.
რეიტინგის თანახმად, ყველაზე მდიდარი ქართველი მეწარმე მიხეილ ლომთაძეა. მისი ქონება 15.853 მლრდ ლარადაა შეფასებული. მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის ციფრული და საბანკო სერვისების წამყვანი კომპანიის „Kaspi“ გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. მიხეილ ლომთაძე ბათუმში დაიბადა და ბიზნესის ბაკალავრის ხარისხი (ESM) თბილისში მიიღო, თუმცა ქონება ყაზახეთში დააგროვა. 2024 წლიდან ფლობს ინგლისურ საფეხბურთო კლუბს „Wycombe Wanderers“.

რეიტინგში მეორე ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი. მისი ქონება 7.254 მლრდ ლარს შეადგენს. ბიძინა ივანიშვილმა ქონება სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთში დააგროვა საბანკო და მეტალურგიულ სფეროში, 2003 წელს კი საქართველოში დაბრუნდა.
რეიტინგის ათეულში ასევე მოხვდნენ: გიორგი ჯოხთაბერიძე (2.764 მლრდ), ირაკლი რუხაძე (2.227 მლრდ), თემურ ჭყონია (1.745 მლრდ), პაატა კურტანიძე (1.562 მლრდ), გიორგი რამიშვილი (1.485 მლრდ), კახაბერ ოქრიაშვილი (1.141 მლრდ), ხვიჩა მაქაცარია (1.132 მლრდ) და გია გორგოშაძე (1.045 მლრდ).

