„საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია სპორტის მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც საქართველოს ბანკი UEFA-ს 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მოაწერეს.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ მთავარ პარტნიორთან თანამშრომლობა უფრო მეტად გაღრმავდა და საქართველოს ბანკი უეფას ახალგაზრდული ჩემპიონატის მხარდამჭერი გახდა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შევძლებთ ღირსეულად ვუმასპინძლოთ უეფას ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირს. საქართველოს ბანკი სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც გამოირჩევა საკუთარი ხედვითა და ფილოსოფიით. მუდმივი განვითარება სწორედ ის მთავარი ღირებულებაა, რომელიც საერთოა ჩვენთვის და მჯერა, რომ რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ეს ტურნირი უფრო მეტად საინტერესო გავხადოთ როგორც გულშემატკივარისთვის და მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის”, – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
„დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხელი მოვაწერეთ კიდევ ერთ თანამშრომლობას, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ბანკი ფედერაციასთან ერთად UEFA-ს 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მასპინძელი იქნება. მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ქართულ ფეხბურთს და ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, რადგან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს A ჯგუფში. ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე. ჩვენთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების სპორტსმენების წახალისება, და მჯერა, ისინი არაერთ გამარჯვებას მოგვიტანენ. დარწმუნებული ვარ, ბევრ ახალგაზრდას მიეცემა სტიმული, არ გაჩერდეს და კიდევ უკეთ აითვისოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, საქართველოს ბანკი 2022 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 2026 წლის ჩათვლით დაუჭერს მხარს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს. თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერას. დაგეგმილია არაერთი პროექტის განხორციელება, რაც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის მხარდაჭერას, ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას.
(R)