საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კომისართან კენან პოლეოსთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები და პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლასა და პირდაპირი ფრენების მნიშვნელობას და მოქმედ სავიზო რეჟიმს.
„ვიმედოვნებთ, რომ დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კომისარი ჩვენი ქვეყნის ხშირი სტუმარი იქნება, რადგან ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება, ასეთი სახის შეხვედრები და დისკუსიები კი ხელს შეუწყობს ამ ურთიერთობების გაღრმავებას, რაც ბუნებრივია, დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.