LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევი მომზადდება

123
სხდომა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის (სბმკ) „ორქისის“ ორგანიზებით საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავების მიზნით პირველი პლენარული სხდომა გაიმართა.

„ბოლო წლებში საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.  შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით შემუშავდა დოკუმენტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება“, რომელშიც ეკონომიკის ის პრიორიტეტული 14 დარგია წარმოდგენილი, სადაც ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავების მეტი შესაძლებლობა არსებობს. დოკუმენტში განსაზღვრულია ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისთვის რეკომენდებული სამიზნე მაჩვენებლები და ცირკულარობის მიზნები, გამოვლენილია დარგობრივი შესაძლებლობები, შემუშავებულია დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტები და რეკომენდაციები. ეს გვაძლევს საფუძველს, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რაც ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული გზამკვლევის მომზადებას ითვალისწინებს. გზამკვლევი განსაზღვრავს იმ გზას, რაც საქართველომ ცირკულარული გარდაქმნის გზაზე უნდა გაიაროს“, –  განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, გაეროს განვითარების პროგრამის  მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის (სბმკ) „ორქისის“ თავმჯდომარე მარიამ ქიმერიძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდეროვიჩი, საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, აღინიშნა, რომ ცირკულარული ეკონომიკის განვითარება სარგებლის მომტანია როგორც ბიზნესის, ასევე საზოგადოების და გარემოსთვის. ნარჩენებისა და დაბინძურების აღმოფხვრა, საქონლისა და ნედლეულის სარგებლობაში შენარჩუნება და ბუნებრივი სისტემების აღდგენა, რასაც ცირკულარული ეკონომიკა მოიცავს, კავშირშია როგორც მდგრადი განვითარების მიზნებთან, ისე მწვანე ეკონომიკასთან.

საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზამკვლევი შემუშავდება საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ ექსპერტთა გუნდის მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით და საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან  მჭიდრო თანამშრომლობით, საკვანძო უწყებების აქტიური ჩართულობით.

ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, რომელსაც შვედეთის მთავრობა აფინანსებს.

 

mazda magti 5g