საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ სამუშაო შეხვედრა გამართეს. აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით პირველად იმყოფება საქართველოში.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა, საბანკო სექტორში არსებული გამოწვევები და მიმოიხილეს დოლარიზაციის შედეგები და მაჩვენებლები. კობა გვენეტაძემ და ტაკეჰიკო ნაკაომ ასევე ყურადღება გამახვილეს სამომავლო თანაშრომლობაზე. ტაკეჰიკო ნაკაომ ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის მტკიცე და მზარდ პარტნიორობას საქართველოსთან და დაადასტურა ორგანიზაციის მისწრაფება მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.
შეხვედრის ფარგლებში, ტაკეჰიკო ნაკაო გაეცნობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და მხარდამჭერია და საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდი აშშ დოლარია.
აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. ბანკი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია.