LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დროებით დასრულდა – ტრაგიკულია, მაგრამ სიმართლეა“ – როგორია საერთაშორისო გამოხმაურებები „გამჭვირვალობის“ კანონის მიღებაზე

184
საერთაშორისო გამოხმაურებები

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან. ისინი წუხილს გამოხატავენ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერების გამო და წერენ, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დროებით დასრულდა.

საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას, სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა და დაწერა:

„მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში, „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევით, საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დროებით დასრულდა. ტრაგიკულია, მაგრამ სიმართლეა“, – წერს კარლ ბილდტი.

„სამწუხარო დღეა საქართველოსთვის“, – ამის შესახებ კი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი წერს და ასევე აღნიშნავს:

„საქართველოს მთავრობის მიერ რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღების გამო, სამწუხარო დღეა საქართველოსთვის, მაგრამ ხალხმა აჩვენა, რომ ივანიშვილს არ მისცემს უფლებას დაანგრიოს მათი დემოკრატია და წაართვას ევროპული მომავალი. ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ“, – აცხადებს ბენ კარდინი.

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთიც.

მან ქართველ მეგობრებს მიმართა და დაწერა:

„ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მე თქვენთვის მხოლოდ ერთი მესიჯი მაქვს: თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, თქვენ ევროპისთვის იბრძვით, თქვენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვით“, – წერს მაიკლ როთი.

„ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს, – ამ განცხადებას კი ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი ავრცელებს:

„ქართველ ხალხს თვალები ევროპული მომავლისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც ახლა მთავრობამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებით საფრთხის ქვეშ დააყენა. ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს“. – წერს თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს მხარი 84 ხმით დაუჭირეს.

პოპულარულები