მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ ვაზიანში სახელმწიფო ჰიმნით ოფიციალურად გაიხსნა.
სწავლებაში მონაწილე კოლოფებად მოწყობილ პირად შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმნენ.
წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას.
გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში მიღებული ცოდნა გლობალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მსგავსი წვრთნები აძლევს შესაძლებლობას ჩვენს ჯარისკაცებს ღირსეულად დაიცავენ მუნდირი, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. და საბოლოო ჯამში, მსგავსი წვრთნებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მათი თავსებადობის გაზრდით ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ წვრთნები არავის წინააღმდეგ არის მიმართული და მათი მიზანი საქართველოს სამხედრო ძალების გაძლიერებაა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-სა და ნატოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და დასძინა, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად წვრთნები უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების დაცვით ჩატარდება.
„წვრთნების ჩატარება კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ისა და ნატო-ს მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“ – აცხადებს ზალკალიანი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს.
„მსოფლიოში მიმდინარე უხილავი გამოწვევის ფონზე „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას, წინააღმდეგობების მიუხედავად, მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა. ძალა პარტნიორობაშია, ეს არის ჩვენი სწავლების მთავარი გზავნილი, სწორედ ძლიერი პარტნიორობისკენ სწრაფვა გახლავთ ის სულისკვეთება, რომელმაც გლობალური პანდემიის მიუხედავად, ჩვენს წინაშე 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გააერთიანა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელსაც საქართველო წელს მეხუთედ მასპინძლობს, 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

