LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს IMF-მა $40 მლნ დაუმტკიცა – გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება თანხას

124
imf-cover

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვა დაასრულა, რის შედეგადაც ქვეყნისთვის დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარი გახდა ხელმისაწვდომი.

IMF-ის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება პროგრამას კვლავ პრევენციულ დატვირთვას ანიჭებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე თანხის სესხებას არ გეგმავს.

„საქართველოს პროგრამა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებაზე, ინფლაციის შემცირებაზე, ფისკალური და საგარეო მარაგების შევსებაზე რჩება მიმართული, გატარებული რეფორმების მიღწევების შენარჩუნებით, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებით, რაც, თავის მხრივ მეტად ინკლუზიურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.

IMF წელს საქართველოში 10%-იან, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ელის. ფინანსური ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შედეგად გამოწვეული ნეგატიური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე ნავარაუდევზე ნაკლები აღმოჩნდა, ტურიზმიდან შემოსავლები მზარდია, ომით გამოწვეული მიგრაციული ნაკადები და ფინანსური შემოდინებები მაღალია, ასევე მზარდია სატრანზიტო ვაჭრობა საქართველოს გავლით. ამ მოვლენებმა კი ფისკალური შემოსავლების და რეზერვების დაგროვებას შეუწყო ხელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, ინფლაცია მცირდება, თუმცა კვლავ მაღალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება, მაღალი სასაქონლო ფასებისა და ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის გამო.

„ინფლაციის შესამცირებლად საჭირო იქნება საკმარისად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მაღალ დონეზე შენარჩუნდება, პოლიტიკის გამტარებლები მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გამკაცრებისთვისაც უნდა იყვნენ მზად. გაცვლითი კურსის მოქნილობისა და რეზერვების გონივრული დაგროვების პოლიტიკის გაგრძელება საგარეო შოკების მიმართ საქართველოს მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის“, – განაცხადა დირექტორთა საბჭოს განხილვის შემდეგ მმართველი დირექტორის მოადგილემ და სხდომის თავმჯდომარემ ანტოინეტა ემ სეიემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები