LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ჯგუფელი მსოფლიოში საუკეთესოა

65

რაგბის მსოფლიო თასი დასრულდა. ბრიტანეთში გამართული დღესასწაულის გმირები კვლავ ახალ ზელანდიელები არიან. საქართველოსთან ერთ ჯგუფში მოთამაშე „ოლ ბლექსმა“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სახელი შეინარჩუნა და ვერავინ იტყვის არ დაუმსახურებიაო.

ფინალში გასული ახალი ზელანდია და ავსტრალია ვებ ელისის სახელობის მსოფლიო თასს აქამდე ორ-ორჯერ ფლობდნენ. ეს კიდევ ერთი დამატებითი მოტივაცია იყო, რომ ამ მხრივაც ეჯობნათ ერთმანეთისთვის.

ზელანდიამ თავიდანვე აქტიურად დაიწყო და დასაწყისშივე შეეძლო ლელოს დადება. ლელოს ნაცვლად კი ჯარიმა მიიღო და ანგარიშიც ასე გაიხსნა. თუმცა მეტოქის ნახევარზე პირველად გადასულმა ავსტრალიამ ასევე ჯარიმით საკმაოდ მალე გაათანაბრა და მე-15 წუთისთვის 3:3 იყო. ზელანდიელების უპირატესობა გაგრძელდა, თუმცა ვოლაბები დაცვაში კარგად მოქმედებდნენ და ცდილობდნენ მეტოქე გადამწყვეტ ნიშნულამდე არ მიეშვათ. ამის გამო ახალი ზელანდია კვლავ ჯარიმით დაწინაურდა 27-ე წუთზე. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჯარიმების უბადლოდ შემსრულებელმა კარტერმა მესამე საჯარიმოც გამოიყენა, თან ძალიან მახვილი კუთხიდან და თავისიანები 9:3 დააწინაურა. ავსტრალია ცოტა აირია და ოლ ბლექსმა როგორც იქნა მრავალი მცდელობის შემდეგ ტაიმის ბოლოს ლელოც დადო (კარტერმა არაჩვეულებრივად გარდასახა) – 16:3 პირველი ნახევრის შემდეგ უკვე საგრძნობი უპირატესობა იყო.

ჯერ ხომ ისედაც წარმოუდგენელი იყო ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა, ახალმა ზელანდიამ კი მეორე ტაიმის დასაწყისშივე მშვენიერი ლელო დადო – 21:3 (კარტერმა ვეღარ გარდასახა) დაწინაურდა და უკვე ცხადი გახდა მომავალი ჩემპიონის ვინაობა. მაგრამ…

ავსტრალიის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ყურები არ ჩამოყარა, გამოცოცხლდა, წინ წავიდა და ამან შედეგი ათ წუთში მოიტანა. ვოლაბებმა ლელოც დადეს და გარდასახვაც გაიტანეს – 21:10. ავსტრალიამ ესეც არ იკმარა, ისევ მიაწვა და ისევ დაუფასდა – 65-ე წუთზე მეორე ლელო დადო, გარდასახვის ორი ქულაც მიამატა და ანგარიში ლამის მინიმუმამდე შეამცირა – 21:17. თამაშის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ეს იმედისმომცემი ჩამორჩენა იყო.
ზელანდიელებმა იგრძნეს, რომ ასე მიშვებაც არ შეიძლებოდა და ათი წუთით ადრე, 42 მეტრიდან არეკვნით სამი ქულა შემატეს აქტივს – 24:17. ეს ანგარიში ავსტრალიას ერთი ლელოს დისტანციაზე ტოვებდა. ხოლო ის, რაც კარტერმა 5 წუთში გააკეთა, უკვე შორს ტოვებდა ავსტრალიას. ქულების დამგროვებელმა კარტერმა 48 მეტრიდან ჯარიმა უზადოდ შეასრულა და 27:17 გახადა, რითაც მეტოქე გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. ბოლო აკორდი ისევ „ოლ ბლექსის“ იყო. კონტრშეტევაზე ბარეტი არანორმალური სისწრაფით წინ გაიჭრა და საბოლოო ლელო დადო, კარტერმა გარდასახა და 34:17 – ეს ჩემპიონობაა!

აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდიის 31 მორაგბედან 13 ისეთია, რომლებსაც 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაც აქვთ მოგებული.
ეს პირველობა ჩვენთვისაც ისტორიული და კარგად გასახსენებელია. ქართველმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფში ორი მატჩის მოგება შეძლეს, ღირსეულად ვეთამაშეთ იმ მომენტისთვის მოქმედ და როგორ გაირკვა მომავალ ჩემპიონებს და თან ავტომატურად მოვიპოვეთ მომდევნო მსოფლიო თასის საგზური – მომავალ შეხვედრამდე იაპონიაში!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g