საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
ყურადღება გამახვილდა რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე. კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ პანდემიამდე გატარებული თანმიმდევრული და დროული ზომები ქვეყანას იმ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარა, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას. მან ასევე აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი შეუერთდა ფინანსურ სანქციებს რომლებიც აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს. ასევე აღინიშნა თვინინგის პროექტის შესახებ, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული პოლონეთის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, პოლონეთისა და ლიეტუვას ცენტრალურ ბანკებთან ერთად. მათი დახმარებით მომზადდა ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად დააახლოვა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. სწორედ აღნიშნული ურთიერთანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი SEPA-ს გეოგრაფიულ სივრცეში საქართველოს ჩართვისთვის განაცხადის შეტანა.
“წელს ოფიციალური განაცხადი შევიტანეთ ერთიანი ევროს გადახდების სივრცეში (SEPA) გაწევრიანებისთვის, რაც საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს საფინანსო სექტორის სანდოობას, გაიოლდება ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს მოქალაქეები გამარტივებული და იაფი მომსახურებით ისარგებლებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით. საქართველოს მომავალი ევროპაშია და SEPA-ს წევრობა კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს ევროპული ოჯახის წევრობასთან”, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.