საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის კაბინეტში გამართული კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი, ერთიან დელეგაციაზე შეჯერება ვერ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს, უკრაინაში გაემგზავრება პარლამენტის თავმჯდომარე.
შევთავაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მათი წარმომადგენლებიც იყვნენ საპარლამენტო ჯგუფში – სამი იყოს ურმავლესობიდან, სამი იყოს ოპოზიციიდან, სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იზიარებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებთან კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ დელეგაციაში ყოფილიყვნენ თითო პარტიიდან თითო წარმომადგენელი.
„ვიზიტი დიდი ალბათობით მიმდინარე კვირაში განხორციელდება, იცით, რომ ჩვენ შეთანხმება გვაქვს უკრაინის რადას თავმჯდომარესთან და ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც როგორც სხვა შემთხვევებში არის საპარლამენტო ჯგუთან, დელეგაციასთან ერთად ხოლმე და ამ შემთხვევაშიც შევთავაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მათი წარმომადგენლებიც იყვნენ საპარლამენტო ჯგუფში.
ზოგადად სოლიდარობის გამოცხადება, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის ბევრ წევრს უნდა, დელეგაციაზე შეთავაზება გვქონდა, რომ ისევე როგორც სხვა დროს ხდება, იყვნენ წარმოდგენილი უმრავლესობის წარმომადგენლები და ასევე თანაბარი რაოდენობით ოპოზიციიდანაც იყვნენ წარმოდგენილი, სამი იყოს ურმავლესობიდან, სამი იყოს ოპოზიციიდან, სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იზიარებს.
აქედან გამომდინარე, მე ჩემი შეთავაზება მქონდა, მთავარია ეს დელეგაცია შედგეს. სამწუხაროდ ეს შიდა პოლიტიკური თემები სჭარბობს ხოლმე იმ მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.
ჩვენ იქ მივემგზავრებით იმისთვის, რომ ვაჩვენოთ სოლიდარობა, გავიზიაროთ მათი წუხილი და ეს არანაირად არ უნდა იყოს დაკავშირებული აქ შიდა პოლიტიკურ სიჭრელესთან თუ მრავალფეროვნებასთან, სწორედ ეს გახლავთ მიზანი ამ ვიზიტისა და ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თავის დელეგაციასთან ერთად, სადაც განსხვავებით სხვა დელეგაციებისგან, როდესაც იქ არის ხოლმე ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ თანაფარდობა უფრო სხვა არის, მე შევთავაზე თანაბარი თანაფარდობა, მაგრამ ამ შეთავაზებას როგორც ჩანს ჯერჯერობით არ იზიარებენ.
პოზიცია იყო, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან ყოფილიყო თითო წარმომადგენელი, რაც თავისთავად ხვდებით, რომ ზრდის დელეგაციის რაოდენობას, მოცულობას. თუკი ეს იქნება თანაბარი რაოდენობა, გამოდიოდა თხუთმეტკაციანი დელეგაცია, სადღაც 15-20 კაციანი. იქ ჩავდივართ პარლამენტის სახელით და არა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების სახელით, ამიტომ სამწუხარო არის რომ არ არიან”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დელეგაციის შემადგენლობაზე ჩამოყალიბდებიან, თუმცა შემადგენლობაში იქნებიან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია.
„არჩილ თალაკვაძე არის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით სერგეენკო არის ვიცე-სპიკერი და ბექა ოდიშარია არის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც პერიოდში ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა ქართველებთან უკრაინაში, ლოგიკურია მათი წამოსვლა. ჩემი სურვილია, ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი ამ დელეგაციაში.
ეს ვიზიტი შედგება და იქნება საქართველოს პარლამენტის სახელით სოლიდარობის გამოცხადება, სამწუხარო იქნება, რომ ოპოზიციიდან დეპუტატები გამოაკლდებიან ამ სოლიდარობის გამოცხადებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამავდროულად, ოპოზიციის ინფორმაციით, უკრაინაში გამგზავრების მიზნით, ცალკე საპარლამენტო დელეგაცია ჩამოყალიბდება, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფებით იქნება დაკომპლექტებული.
მათივე თქმით, სურვილის შემთხვვაში აღნიშნული დელეგაცია ღია იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის.