საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისთვის წარდგენილ კანდიდატებს – ვახტანგ ბურკიაშვილს, ლევან ძნელაძეს, ნინო ჯელაძესა და ოთარ შამუგიას საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა.
მანამდე აღნიშნულ კანდიდატებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მათ საკუთარი გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს, ასევე, უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს.
ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხივე ახალ წევრს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის საფინანსო და საბანკო მიმართულებით. საბჭოს სამი წევრი ამ დრომდე ეროვნულ ბანკში რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებას ხელმძღვანელობდა, ოთარ შამუგია კი საბჭოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ შეუერთდა.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს. ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭო ცხრა წევრისგან შედგება.