LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტი რიოში ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდა

21

სულ ცოტაც და რიო დე ჟანეიროში ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება. თამაშების გახსნამდე ერთი დღით ადრე, ოლიმპიურ სოფელს რიო დე ჟანეიროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად ესტუმრა და საქართველოს ოლიმპიური ნაკრები მოინახულა. პრეზიდენტთან შეხვედრა ოლიმპიურ სოფელში მდებარე საქართველოს დელეგაციის ოფისში გაიმართა.

ქვეყნის პირველ პირს სპორტსმენებმა მხარდაჭერისთვის და ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ, ქართველი გულშემატკივრების იმედების გამართლებისათვის. თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება და გამარჯვებები უსურვა.

“რიოს ოლიმპიურ სოფელში უკვე აღიმართა საქართველოს დროშა, რაც ყველა ქართველს გულს გვიხარებს. ბრაზილიაში საქართველოს ორმოცი სპორტსმენი წარმოადგენს, რომლებიც განსაკუთრებით შემართებით ემზადებოდნენ და რა თქმა უნდა, წარმატებებსა და რაც მთავარია, გამარჯვებებს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, რომ რიო დე ჟანეიროში არაერთხელ აიწევა საქართველოს დროშა. მსურს მადლობა ვუთხრა საქართველოს დელეგაციის ყველა წევრს ვინც მუშაობენ რიოში, ესენი არიან სპირტსმენები, მწვრთნელები, ექიმები, საორგანიზაციო ჯგუფი, ეს ხართ თქვენ ჟურნალისტები. მადლობას ვუხდი საქართველოს მოქალაქეებს, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უგულშემატკივრებენ ჩვენს ოლიმპიელებს და მათთან ერთად იმღერებენ საქართველოს ჰიმნს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპურ სოფელში ვიზიტისას, გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს შეხვდა. საქართველოსა და საფრანგეთის ლიდერებმა ფრანგ და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებები უსურვეს. საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ოლიმპიელებთან შეხვედრის შემდეგ, ქართველ სპორტსმენებთან ერთად ოლიმპიურ სოფელში ისადილეს.

გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს დაესწრება, რომელიც რიო დე ჟანეიროში სტადიონ „მარაკანაზე” 5 აგვისტოს გაიმართება და საღამოს 20:00 საათზე (თბილისის დროით 6 აგვისტო 03:00 საათი) დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტი რიო დე ჟანეიროში რამდენიმე დღით დარჩება და ქართველ სპორტსმენთა გამოსვლებს დაესწრება.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას 5 აგვისტოს შეუერთდებიან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები და ძალოსნები, რიო დე ჟანეიროში ასევე 5 აგვისტოს ჩაფრინდებიან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად. რიო დე ჟანეიროში 9 აგვისტოს ჩავლენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელაგაცია 40 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ. ქართველი ოლიმპიელები სპორტის 13 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (4), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).

ქართველ ოლიმპიელთა შორის 2 ოლიმპიური ჩემპიონია (ნინო სალუქვაძე 1988, ლაშა შავდათუაშვილი 2012) 2 ოლიმპიური პრიზიორი, 4 მსოფლიოს ჩემპიონი, 19 ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვე 12 სპორტსმენს. მერვე ოლიმპიადაზე გამოვა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე – მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე – ბატუტზე მხტომელი ლიუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა.

ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სპორტსმენის სტატუსით მონაწილეობს დედა და შვილი. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება. 5 აგვისტოდან ოლმპიურ თამაშებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი გადასცემს.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე პირველ გამოსვლებს 5 აგვისტოდან დაიწყებენ, როდესაც საკვალიფიკაციო გასროლა ექნებათ მშვილდოსნებს ინდივიდუალურ ჩათვლაში ხათუნა ნარიმანიძეს, ქრისტინე ესებუას და იულია ლობჟანიძეს, 6 აგვისტოს იასპარეზებენ ძიუდოში ამირან პაპინაშვილი, ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი, ხოლო ცურვაში ირაკლი რევიშვილი.

 

msy.gov.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები