გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს მანიპულაციის გზით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას.
გავრცელებულ ინფორმაციაში ჟურნალისტი და ე.წ. ექსპერტები სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობას ასაღებენ პოლიტიკურ პროექტად მაშინ, როდესაც ახალმა გზამ უნდა ჩაანაცვლოს არსებული გზის ის მონაკვეთი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საინჟინრო და საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნებს და რომლითაც სარგებლობს საქართველოს მოსახლეობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის 4.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა 2023 წლის ზაფხულში, რაზეც გაავრცელა კიდეც ინფორმაცია. გამოცხადებულ ტენდერში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, რის გამოც გამოცხადდა განმეორებითი ტენდერი.
სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი, E117 ევროპული მარშრუტისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის შემადგენელი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია.
სამშენებლო მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ახალი გზა სტეფანწმინდასთან დაიწყება და დარიალის ახალ გვირაბამდე მივა. პროექტი 2 ზოლიანი 4.5 კმ-იანი გზის, 2 ხიდისა და 2 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.
(R)
