საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 22.2 მლრდ აშშ დოლარი (62.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 97.5 პროცენტია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 127.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 373.5 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო ვალი 5.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა; ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად – 485.5 მლნ აშშ დოლარით და 20.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
„სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.7 მლრდ აშშ დოლარი (27.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 42.8 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.3 მლრდ აშშ დოლარი (20.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 868.1 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 399.6 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი (16.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.7 მლრდ აშშ დოლარი (13.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.5 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.1 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.5 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 11.7 მლრდ აშშ დოლარი (33.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 51.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.4 მლრდ აშშ დოლარია (15.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 23.7 პროცენტია.
2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 30.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 1.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 32.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 868.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 443.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, – აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.