ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, „საქართველოს სჭირდება კეთილსინდისიერების შემოწმების განსაკუთრებული სისტემის შექმნა უმაღლეს პოზიციების მქონე პირებისთვის სასამართლო სისტემაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით“.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან კონკრეტული მოსამართლეების მიმართ ბოლო დროს გაკეთებული კომენტარებით.
„მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, საქართველოზე 2023 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნებთან თანხვედრაში, არის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე „ფუნდამენტალურების“ სფეროში ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია.
ეს ასევე არის ცხრა ნაბიჯის ნაწილი, რომლებიც ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გაფართოებაზე ბოლო შეტყობინებაშია ჩამოთვლილი, რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია გასცა.
სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების მოსაგვარებლად, საქართველოს სჭირდება კეთილსინდისიერების შემოწმების განსაკუთრებული სისტემის შექმნა კანდიდატებისთვისა და უმაღლეს პოზიციების მქონე პირებისთვის სასამართლო სისტემაში, კერძოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოსა და სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებსაც გადამწყვეტი როლი ექნებათ პროცესში.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული კომენტარებით, რომლებიც კონკრეტული მოსამართლეებისკენ იყო მიმართული, რომლებმაც საკუთარი აზრი გამოთქვეს სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების შემოწმების პოტენციურ სისტემაზე. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი.
ევროკავშირის მჭიდრო დიალოგში რჩება ოფიციალურ პირებთან და მზად არის მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი რეფორმების წინსვლას, რომლებიც სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა სტანომ.