მოახლოვდა საქართველოს შვიდქალასთვის და ქართული რაგბისთვის ისტორიული დღეები – 13-15 ივნისს ჩვენი ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.
ჯაბა მალაღურაძემ და მისმა გუნდმა ელიტაში ყოფნის შესაძლებლობა მძიმე და დაუღალავი შრომით მოიპოვეს. იმედია, საქართველოს შვიდქალა ნაკრები რაგბის ევროპულ ელიტაში თავს მალე დაიმკვიდრებს.
რაგბი ევროპის პირველ ეტაპზე, რომელიც მაკარსკაში (ხორვატია) გაიმართება, საქართველოს შვიდქალა ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში იქნებიან საფრანგეთი, ჩეხეთი და ირლანდია.
13 ივნისს საქართველოს ნაკრები მაკარსკაში ორ შეხვედრას გამართავს:
საფრანგეთი Vs საქართველო (14:20 საათი თბილისის დროით)
ჩეხეთი Vs საქართველო (20:30 საათი თბილისის დროით)
14 ივნისს კი ტურნირზე გამოსვლას ირლანდიასთან მატჩით (12:00 საათი თბილისის დროით) დაასრულებს.
ჯაბა მალაღურაძის გუნდმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპი გერმანიასა და საფრანგეთში გაიარა, ბონში 6 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ხოლო საფრანგეთის ქალაქ ტურის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ჩვენი შვიდქალას შემადგენლობა ასეთია:
სალომე მაკასარაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ანა დათიაშვილი, ანა პოღოსიანი, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე, კირა დანელია, ლიკა ხუფენია, ნინო წიკლაური, ანა ხაბულიანი, ანასტასია ახვლედიანი, ანნა რურუა.
შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდება – ხორვატიასა და გერმანიაში.
თიბისი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს შვიდქალა ნაკრებს და საქართველოში ქალთა რაგბის განვითარებას. წარმატებას ვუსურვებთ მათ ამ მნიშვნელოვან ტურნირზე და ვამაყობთ თითოეული მათგანით, რადგან შვიდქალა ნაკრების მოთამაშეებმა უკვე გვაჩვენეს, რა ძალა, მოტივაცია და მიზანმიმართულობაა მათში – რწმენა იმისა, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა და სასურველი მიზნის მიღწევა შესაძლებელია, მთავარია, გჯეროდეს.
#ერთადგავიმარჯვებთ
(R)