საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დუბაიში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი.
Arabian Travel Market-ზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ასევე, 30-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
საქართველოს სტენდთან გამოფენების სტუმრები საქართველოს ტურისტულ ადგილებს, სამთო, საზღვაო კურორტატორები და დაცულ ტერიტორიებს ეცნობიან.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დუბაის საერთაშორიო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის როკის ლეგენდის Scorpions-ისა და ბრიტანული ელექტრონული მუსიკის პროექტის „Jungle“-ს კონცერტებზე დასასწრებად ბილეთები გაათამაშა (კამპანია „სთარინგ ჯორჯიას” ფარგლებში კონცერტები Black Sea Arena-ზე გაიმართება).
ATM Dubai-2024-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო პირებთან ერთად, საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს სპარსეთის ყურის ქვეყნების მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან.
დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას წელს 40 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს. გამოფენაზე 150-ზე მეტი ქვეყნიდან 2300 კომპანია და ტურისტული ორგანიზაციაა წარმოდგენილი.