მოხარული ვარ, რომ დღეს შევძელით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის განხორციელება და ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ კვლევის დაწყებაზე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ისრაელის ეკონომიკის და ინდუსტრიის მინისტრთან ელი კოენთან ერთად ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილსა და საქართველოს დელეგაციასთან. ელი კოენმა მონაწილეობა მიიღო საქართველო – ისრაელის ბიზნეს შეხვედრაში, სადაც საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა.
ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის ეკონომიკის მინისტრ კოენს ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით გაწეული უდიდესი ძალისხმევისთვის.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყებას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური შედეგით დასრულდება. მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უზრუნველყოფს ფართო შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს და განავითარებს მრეწველობის სხვადასხვა მიმართულებებს საქართველოსა და ისრაელში, ამასთან მნიშვნელოვნად გაზრდის და გააფართოებს ორივე ქვეყნის ექსპორტს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. როგორც ქუმსიშვილი ამბობს, საქართველოში განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები, რაც კარგად აისახება საერთაშორისო რეიტინგებში. ბიზნესისა და საინვესტიციო მიმზიდველობის სიმარტივის მხრივ, საქართველო რეგიონში და გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. Doing Business 2018-ის მიხედვით საქართველო ათი საუკეთესო ქვეყნის სიაშია.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გვაქვს რა გამორჩეული გეოპოლიტიკური მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე და ასევე, სტაბილური და მიმზიდველი ბიზნეს გარემო და საინვესტიციო კლიმატი, ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონული ეკონომიკის მშენებლობაში.