ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით დღეს პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, პირველი რეისი ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით 16:30 საათზე დაეშვება. ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.
შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანაა და მე-20 მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს.
„დღეიდან იწყება ავიამიმოსვლა საქართველო-რუმინეთს შორის. ეს ორ ქვეყანას შორის, ჯერჯერობით ერთადერთი პირდაპირი მიმართულებაა. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 1-ელი აგვისტოდან, თბილისის აეროპორტში რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით“, – განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
მისივე ინფორმაციით, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მუდმივად მუშაობს ახალ ავიამიმართულებებზე. 15 ნოემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ევროპის კიდევ ერთი დედაქალაქის, ვენის მიმართულებით შესრულდება.