LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 4 დღიან სამუშაო კვირაზე ფიქრობენ – შესაძლოა, მალე, დასვენების დღეები გაგვეზარდოს

7901
portrait-happy-beautiful-happy-youngwoman-relaxing-park-joyful-female-model-breathing-fresh-air-outdoors-enjoying-smell-flower-spring-summer-garden-vintage-tone-1423-707

პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსის გასაუმჯობესებლად, ესპანეთის შემდეგ ახლა უკვე იაპონია იწყებს ფიქრს, საკუთარი მოქალაქეები 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადაიყვანოს. 

იაპონიის მთავრობამ კომპანიებს შესაბამისი რეკომენდაციით უკვე მიმართა. ინიციატივას, რომელსაც წამყვანი ქვეყნები აქტიურად განიხილავენ, ქართული ორგანიზაციებიც უერთდებიან და მსგავსი პრაქტიკის დანერგვას კოლეგებსაც ურჩვენ .

ინიციატივის ავტორები ამბობენ, რომ ხანგრძლივი სამუშაო დღე და კვირა, ავტომატურად, უფრო მეტ პროდუქტიულობას არ ნიშნავს და ამ გრაფიკის ეფექტიანობის შეფასების დროს, ყურადღებას სხვადასხვა ფაქტორზე ამახვილებენ.

 

4 დღიანი სამუშაო კვირის ეფექტი

 

?    პროდუქტიულობისა და მოტივაციის ზრდა, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და შესაძლებლობა კომპანიებისთვის – აქტიურად ჩაერთონ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში;

?    სამუშაო და თავისუფალ დროს შორის ბალანსი და ამ ბალანსით გამოწვეული ჰარმონიულობა და მოტივაციის ზრდა;

?    გამოთავისუფლებულ დროში განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები;

?    შენარჩუნება იმ გამოცდილი კადრების, რომლებიც სხვადასხვა ოჯახური მიზეზის გამო, იძულებულები არიან, სამსახური მიატოვონ;

?    ეკონომიკური ასპექტი – ინიციატივის მომხრეები ფიქრობენ, რომ კვირაში კიდევ ერთი გამოთავისუფლებული დღე ადამიანებს წაახალისებს, სახლიდან აქტიურად გავლენ და უფრო მეტ თანხასაც დახარჯავენ, რაც ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს;

?    4-დღიანი სამუშაო კვირის მომხრეები არც დემოგრაფიულ ფაქტორს ივიწყებენ – მაგალითად, იაპონიის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ახალგაზრდებს უფრო მეტი დრო ექნებათ შეხვედრისთვის, დაქორწინებისთვის და ოჯახის დაგეგმვისთვის, რაც, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს შობადობის შემცირების პრობლემის გადაჭრას.

 

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – საქართველოში პირველი ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორიდან, რომელმაც სამუშაო კვირის საათები შეამცირა

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სრულად 4-დღიან სამუშაო გრაფიკზე არ გადასულა, თუმცა ერთ წელზე მეტია, მეხუთე სამუშაო დღე გაანახევრა და თანამშრომლები პარასკვეს 14:00 საათამდე მუშაობენ.

კომპანიის გამოცდილებაზე, ინიციატივის მიზნებსა და ეფექტიანობაზე “ფორტუნასთან” საია-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლევან ქათამაძე საუბრობს:

“საქართველოში იყო სხვადასხვა ბიზნესკომპანია, რომელმაც 4-დღიანი სამუშაო დღე გამოაცხადა, მაგრამ სამოქალაქო სექტორში და ამ ტიპის ორგანიზაციებში ჩვენ ვიყავით პირველები და ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო საიას მხრიდან, რათა სხვა კომპანიებისთვის თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ბიძგი მიგვეცა.

გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან გვსურდა, ჩვენს თანამშრომლებს რაღაც ტიპის მოტივაცია ჰქონოდათ. მხოლოდ ფინანსური მოტივაცია არ არის მთავარი. მსოფლიოში წამოვიდა ტენდენცია, როდესაც ძალიან ბევრმა წარმატებულმა კომპანიამ 4-დღიან სამუშაო დღეზე გადასვლა დააანონსა და მათი შემდგომი კვლევებითაც დადასტურდა, რომ სამუშაო პროცესში ეს უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა. თითქმის ერთ წელზე მეტია, ამ ფორმატით ვმუშაობთ და პარასკევს სამუშაო დრო 14:00 საათზე სრულდება.

ოფიციალური კვლევა არ ჩაგვიტარებია, თუმცა თანამშრომლების გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ბედნიერები იყვნენ, როდესაც ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ვფიქრობ, თანამშრომლების მოტივაციაც გაიზარდა, რადგან პარასკევი სამუშაო კვირის ბოლო დღეა, ადამიანებს ხშირად უწევთ ქალაქიდან გასვლა ან სხვა აქტივობების დაგეგმვა და ვფიქრობ, რომ 2 საათზე სამუშაოს დასრულება ადამიანებს უფრო მეტ თავისუფალ დროს აძლევს.” – ამბობს ლევან ქათამაძე.

 

 

შემცირებული სამუშაო დროის პირობებში, ხარისხის თვალსაზრისით კომპანია არაფერს კარგავს და პირიქით, უფრო მეტად მობილიზებულ თანამშრომლებს იძენს

 

ლევან ქათამაძე საია-ს გამოცდილებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში, ინიციატივას უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია:

“ინიციატივამ თანამშრომლებში ძალიან დიდი მოტივაცია შექმნა და მას არანაირი ხარვეზი ჰქონია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანებს თვითგანვითარებისთვის მეტი დრო უნდა დარჩეთ, იმისთვის, რომ მათთვის საინტერესო საქმიანობით დაკავება სამსახურს მიღმაც შეძლონ.

შედეგი, ვფიქრობ, ბევრად კარგია, რადგან ხარისხის თვალსაზრისით, არაფერი დაგვიკარგავს, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ თანამშრომლები უფრო მეტად მობილიზებულები არიან ჩაეტიონ სამუშაო დროსა და საათებში .

გასათვალისწინებელია ერთი დეტალიც, ჩვენ ვართ დაახლოებით, ისეთი ტიპის ორგანიზაცია, როგორც მედია. თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება, ჩვენც გვიწევს არასამუშაო საათებში მუშაობა და ბუნებრივია, ეს აქტუალური ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან საიას საარჩევნო მისია ჰყავს ძალიან დიდი.

ის გუნდი, რომელიც საარჩევნო მიმართულებით არის ჩართული, დამატებით საათებს მუშაობს, მაგრამ შემდგომ ამის კომპენსირება ხდება ე.წ. Day off-ების საშუალებით და როცა რთული, ობიექტური გარემოებების გრაფიკი გადაივლის,  მათ შეუძლიათ ამ გრაფიკით ისარგებლონ და დამატებით, სრულად დაისვენონ ერთი დღე”.

 

შემცირებული სამუშაო საათები თანამშრომლების ანაზღაურებაზე არ აისახება

 

შემცირებული სამუშაო საათების ფონზე, თანამშრომლების ანაზღაურება არ იცვლება და გრაფიკის ცვლილების შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა პირობა უცვლელი რჩება – ამბობს ლევან ქათამაძე და აღნიშნავს, რომ შემცირებული საათების მიუხედავად  კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა პირობა იგივე დარჩა.

თუ სამუშაო საათები ისე შეამცირე, რომ ამის შედეგად ხელფასებიც მცირდება, ეს სამოტივაციო ნაწილი აღარ გამოდის.

ამასთან, აღნიშნული გრაფიკის არჩევაში სახელმწიფო არ ერევა და სამუშაო საათების შემცირებას თავად დამსაქმებელი კომპანია წყვეტს.

გადავა თუ არა სრულად 4-დღიან გრაფიკზე საია – საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგში დადგეს:

“ვინაიდან პანდემიური პერიოდი დაემთხვა და ძირითადი სამუშაოები მაინც დისტანციურად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ამ საკითხის განხილვა არ ყოფილა, თუმცა, მომავალში, არ არის გამორიცხული, დღის წესრიგში ამ საკითხის განხილვაც დადგეს.

ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია სამუშაოს ხარისხზე, პირიქით, თანამშრომლების მოტივაცია უფრო მეტად გაზარდა. საიას პოზიტიური მაგალითის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა, თუ მსგავს ნაბიჯს სხვა დამსაქმებლებიც გადადგამდნენ, რადგან ეს ცალსახად დადებითად მოქმედებს დასაქმებულთა მოტივაციაზე.” – აღნიშნავს ლევან ქათამაძე “ფორტუნასთან” საუბრისას.

 

პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსისთვის 

 

HR hub –ეს არის პლატფორმა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ადამიანური რესურსების მენეჯერებს აერთიანებს, შესაბამისად აერთიანებს იმ გამოცდილებას, რომელიც როგორც დამსაქმებლებს, ასევე თანამშრომელებს აქვთ სხვადასხვა სამუშაო პროცესში.

HR hub-ის დამფუძნებელი ანი ნავდარაშვილი “ფორტუნასთან” 4 დღიანი სამუშაო გრაფიკის სარგებელზე, რისკებსა და საქართველოში მის პერსპექტივაზე საუბრობს:

“ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა და მიხარია, რომ მასში ქართული კომპანიებიც ერთვებიან. საქართველოში უმეტესად ჩართულია ისეთი კომპანიები, რომელთა საქმიანობის სფეროც შედარებით შეესაბამება ამგვარ სამუშაო პირობებს. ისინი ძირითადად საკონსულტაციო და ააიპ კომპანიებია და უფრო მეტად შეუძლიათ, სამუშაო დრო ამ ახალ გამოწვევას მოარგონ.

ამ ეტაპზე, საქართველოში ასეთი კომპანიების რიცხვი მცირეა, ერთეულებში გამოისახება მხოლოდ.

თუმცა, ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ გაიზრდება იმ დამსაქმებელთა რაოდენობა, რომლებიც სამუშაო დღეებს შეამცირებენ.

როგორც საერთაშორისო სტატისტიკიდანაც ჩანს, დაახლოებით 39%-ით იზრდება თანამშრომლების პროდუქტიულობა, კმაყოფილება და ჩართულობაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ამაყობენ მათი სამუშაო ადგილით, მათი დამსაქმებლის ბრენდით.

სამუშაო დროის შემცირების კუთხით მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ ისეთი უნარები, როგორიც არის დროის სწორი მართვა, რადგან ის დრო, რომელიც განკუთვნილია სამსახურისთვის, მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ.”  – ამბობს ანი ნავდარაშვილი.

 

4 დღიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლის შესაძლებლობა კომპანიის სპეციფიკაზეა დამოკიდებული

 

“მაგალითად, ისეთი ინდუსტრია, რომელიც საათობრივ ანაზღაურებას გასცემს, სავარაუდოდ, ვერ უზრუნველყოფს შემცირებულ სამუშაო დროს, თუმცა საკონსულტაციო კომპანიებს, სადაც თანამშრომლების რაოდენობაც შედარებით ცოტაა, უფრო მეტად აქვთ შესაძლებლობა, დასაქმებულებისთვის მოქნილი სამუშაო გრაფიკი ჰქონდეთ, მაგრამ ისეთი სუპერმარკეტების ქსელებს, სადაც, მაგალითად, 5 000 თანამშრომელი და მეტია, ვფიქრობ, უფრო მეტად გაუჭირდებათ.”

 

ინიციატივის დადებითი ეფექტი აჭარბებს მის შესაძლო ხარვეზებს

 

“ფორტუნასთან” საუბარში ანი ნავდარაშვილი ყურადღებას ამახვილებს პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვაზე და ფიქრობს, რომ ინიციატივას ხარვეზი უფრო ცოტა ექნება, ვიდრე დადებითი ეფექტი:

“ინიციატივის უარყოფით მხარედ შეიძლება დავასახელოთ თავად კომპანიისთვის ხარჯების შესაძლო გაზრდა და არასაკმარისი ადამიანური რესურსი.” – აღნიშნავს HR hub-ის დამფუძნებელი.

4-დღიანი სამუშაო კვირით ჩვენ ხელს ვუწყობთ WorkLife Balance-ს დაცვას. ეს ტენდენცია უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან დამსაქმებლებს უწევთ ზრუნვა არა მხოლოდ კარგი სამუშაო პირობების შექმნისთვის, არამედ უწევთ ზრუნვა თანამშრომლების ემოციური ჯანმრთელობისა და ემოციურად სწორი გარემოს შექმნისთვის.

 

 

 

გადაჭარბებული სამუშაო საათების პირობებში, ირღვევა ბალანსი სამსახურეობრივ და პირად ცხოვრებას შორის, რაც არის პირდაპირი და ყველაზე მოკლე გზა პროფესიული გადაწვისკენ

 

საკითხთან დაკავშირებით, მეცნიერების დასკვნა ასე ჟღერს – პანდემიის ეპოქაში, ონლაინრეჟიმში მუშაობის დროს, იშლება ზღვარი სამსახურსა და სახლს შორის, ხშირ შემთხვევაში დასაქმებულებს უფრო მეტი მუშაობა უწევთ, ადამიანებს აღარ რჩებათ დრო პირადი ცხოვრებისთვის, რაც აისახება მათ ემოციურ მდგომარეობასა და პროდუქტიულობაზე. შესაბამისად, შემცირებული სამუშაო საათები ხელს უწყობს თვითეფექტურობის გაზრდას.

“ფორტუნასთან” ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე საუბრობს და პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსით გამოწვეულ სარგებელზე ამახვილებს ყურადღებას:

“ამ ინიციატივაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანებს პირადი ცხოვრებისთვის მეტი დრო დარჩებათ. თანამშრომელი, რომელიც კმაყოფილი და ბედნიერია, ბევრად უფრო კარგად და ეფექტიანად მუშაობს, ვიდრე ის, რომელსაც აქვს უამრავი საქმე და არ რჩება დრო არც პირადი ცხოვრებისთვის და არც გართობისთვის.

არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ დროის თვალსაზრისით ბევრს იმუშავებენ, მათ უფრო ეფექტიანებად მიჩნევენ. არის სამინისტროები, სადაც გვიანობამდე მუშაობენ, კარგ ტონად ითვლება, თუ თანამშრომელი დამატებით რამდენიმე საათი რჩება და მუშაობს. არის სამინისტროები, სადაც თათბირებს საღამოს 21:00-22:00 საათზე ნიშნავენ და ეს თითქოს ნორმად იქცა.

რა დგას ამის უკან და რეალურად რა გამოდის? – ან თანამშრომელს იმდენი საქმე აქვს, რომ მას რეალურად ვერ აუდის და მენეჯმენტის პრობლემაა, ან თვითონ თანამშრომლის პრობლემაა, იმიტომ, რომ დაკისრებულ საქმეს მოცემულ დროში ვერ ასწრებს. სხვა ახსნა ამას არ აქვს.

თუ ადამიანი ასე იფიქრებს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი თვითშეფასებაზეც იმოქმედებს და თვითეფექტიანობაზეც, რადგან ჰგონია, რომ ვერასდროს ასწრებს იმ საქმეს, რაც საკეთებელი აქვს.” – ამბობს ირინა ტაბუციძე.

 

შემცირებული სამუშაო კვირა და მეტი დრო პირადი ცხოვრებისთვის

 

“სამსახურთან მიმართებაში, ადამიანების სამი ტიპი შეიძლება გამოვყოთ – კარიერისტები, ოჯახისკენ მიმართულნი და გარდამავალი პირები. სწორედ გარდამავალი ტიპებისთვის არის ყველაზე რთული ეს მდგომარეობა, რადგან ხშირად უჭირთ ბალანსის დაცვა სამსახურსა და ოჯახს შორის და სულ ჰგონიათ – როდესაც სამსახურში არიან, ოჯახს აკლდებიან და პირიქით, სახლში ყოფნის დროს ფიქრობენ, რომ სამსახურს რაღაც დააკლეს.

ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ, ბუნებრივია, ამას პირადი ცხოვრების ხარჯზე  აკეთებენ. როდესაც ადამიანს თუნდაც პირად ცხოვრებაში, რეალიზება აკლია, არ მგონია, ბედნიერი თანამშრომელი იყოს და საქმეს კარგად აკეთებდეს.

როდესაც ადამიანი გადამეტებულად მუშაობს და პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ რჩება, ირღვევა ბალანსი, ეს კი პირდაპირი და ყველაზე მოკლე გზაა პროფესიული გადაწვისკენ. ამას ძალიან ბევრი პრობლემისკენ მივყავართ, მათ შორის, იკლებს ეფექტიანობა და შრომის ხარისხი და მენეჯერის მიმართ ჩნდება უსამართლობის განცდა.” – აღნიშნა “ფორტუნასთან” ირინა ტაბუციძემ.

 

აღარ არსებობს ზღვარი სამსახურსა და სახლს შორის, ხშირ შემთხვევაში კი დასაქმებულებს უფრო მეტი მუშაობა უწევთ

 

“პანდემიის დროს ტურიზმის, სარესტორნო სფეროში მომუშავე ადამიანები უმეტესად სამსახურის გარეშე დარჩნენ. ასევე დარჩნენ დასაქმებულები, რომლებმაც მთლიანად დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლეს. ძალიან ბევრს, პანდემიის დროს სამუშაო საათები გაეზარდა.

თითქოს კომფორტია – სახლში ხარ და არსად გადიხარ. მაგრამ, რელურად, გაიზარდა დატვირთვა, პირადი დრო კი შემცირდა.

შეიძლება მაინცდამაინც 4 სამუშაო დღეზე არ გადახვიდე და იყოს 5 დღე, მაგრამ ზომიერად მუშაობდე და გქონდეს ზომიერი საათები, რათა თანამშრომელი მეტისმეტად არ გადატვირთო”.

ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ პანდემიამ მრავალი ადამიანის მუშაობის მეთოდი მნიშვნელოვნად შეცვალა, ფაქტობრივად, გააქრო ზღვარი კარიერასა და პირად სივრცეს შორის და დროა, დამსაქმებლებმა, მათივე კეთილდღეობისთვის, გადახედონ ჩვეულ რუტინას და მოარგონ ის რეალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

 

 

magti 5g