LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლები გაიხსნება

83

სს მისო “კრისტალი” საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლებს ხსნის.  სკოლაში ისწავლიან 17-დან 25 წლამდე ასაკის, პიროვნული განვითარების, ბიზნესის მართვის ცოდნის მიღების და ახალი მცირე ზომის საწარმოს შექმნის სურვილის მქონე ახალგაზრდები.

როგორც ”ფორტუნას” ”მისო კრედიტში” განუცხადეს, ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: თბილისი, წნორი, საგარეჯო, დუშეთი, მარნეული, გორი, ქარელი, ქუთაისი, სამტრედია, ხონი, ვანი, მარტვილი, ხობი, სენაკი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი და მესტია.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება “საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის” (YES-Georgia) ფარგლებში. პარტნიორები არიან “პროექტი ჰარმონია” (PH International Inc.) და ფონდი “კრისტალი”. პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას კი   ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სს მისო “კრისტალი” უწევს.

”ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა ითვალისწინებს ორეტაპიან სწავლება-ტრენირებას. პირველ ეტაპზე მსმენელები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების, თვითორგანიზების, მართვის, დაგეგმვის, ანალიზის და სხვა სამუშაო უნარებს. მეორე ეტაპზე თავად მონაწილეების მიერ მოხდება ბიზნესის წამოწყების (ბიზნეს-გეგმა) და საინვესტიციო პროექტების მომზადება. მსმენელების მიერ შემუშავებული პროექტებიდან საუკეთესოები დაფინანსდება”,- განაცხადეს ”მისო კრედიტში”.

როგორც კომპანიაში განმარტეს, მონაწილეთა შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით მითითებულ ქალაქებში.  კურსი კი ჩატარდება 3 თვის განმავლობაში კვირაში სამჯერ თბილისსა და საქართველოს 20 ზემოთ აღნიშნულ ქალაქში მდებარე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის” ფილიალებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g