მზად არიან თუ არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მიკრობანკის სტატუსის მისაღებად? – საქართველოში დღეს რეგისტირებულ კომერციულ ბანკებს, შესაძლოა, მომავალში ახალი კატეგორიის საბანკო დაწესებულებებიც შეუერთდნენ, რასაც მიკრობანკების შესახებ ახალი წესი ითვალისწინებს. მიკრობანკების ლიცენზიის მთავარი სამიზნე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არიან.
როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი პარლამენტისთვის მიკრობანკების შესახებ ახალი კანონპროექტის წარდგენას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს. რა ხდება ამ საკითხის გარშემო და არიან თუ არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მზად ახალი კანონპროექტისთვის – ამ საკითხებზე ვრცლად „ბიზნესნიუსის“ პირდაპირ ეთერში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის“ გენერალურმა დირექტორმა გია პეტრიაშვილმა ისაუბრა.
– ახალი კანონის განხილვები თუ ჰქონდა უკვე ეროვნულ ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან?
ამ კანონზე საუბარი, თითქმის, 1 წლის წინ დაიწყო. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში უკვე აქტიურად გვქონდა კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან. ჩვენ განვიხილავდით ახალ კანონპროექტს და უნდა დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ბევრი რეკომენდაცია გათვალისწინებულ იქნა ამ კანონპროექტში. ამიტომ, დიდი ენთუზიაზმით ველოდებით საშემოდგომო სესიაზე ამ კანონის მიღებას პარლამენტის მიერ.
– აჩენს თუ არა ეს კანონი ახალ შესაძლებლობებს მიკროსაფინანსო სექტორისთვის?
რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი და წინგადადგმული ნაბიჯი. პირველ რიგში, ეს არის ახალი შესაძლებლობები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ჩვენი კომპანიის გარდა, კიდევ რამდენიმე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია განიხილავს ამ შესაძლებლობის გამოყენების ვარიანტს. ეს კანონი, გარდა ახალი შესაძლებლობებისა, იძლევა კიდევ სულ სხვა რეპუტაციული იმიჯის მოპოვების საშუალებას. ვინაიდან იზრდება რეგულაციები, მკვეთრად იზრდება შესაძლებლობები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მიმართებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეგულაციები იქნება ოდნავ უფრო სუსტი, ვიდრე დღეს მოქმედ საბანკო სექტორს აქვს. ფაქტობრივად, ამით მოხდება შევსება იმ ნიშისა, რომელიც იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს შორის. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიკრობანკი იქნება ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებული საფინანსო ინსტიტუტი.
-რა ფორმით უნდა მიიღოს ორგანიზაციამ მიკრობანკის სტატუსი?
ძირითადი ჩარჩო უკვე ცნობილია: დაახლოებით იქნება ის რეგულაციები, რაც ბანკებს ჰქონდათ 15 წლის წინ, მაგრამ მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნები. მაგალითად, 10-ჯერ უფრო მეტი კაპიტალია საჭირო იმისთვის, რომ დააფუძნო მიკრობანკი, ვიდრე დღეს ეს არის საჭირო მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის. ასევე მნიშვნელოვნად იზრდება სხვა პოტენციური მოთხოვნები, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ამას მოჰყვება პაკეტში უკვე ახალი შესაძლებლობები, ეს არის: 1 მილიონ ლარამდე სესხების გაცემა, რაც მთლიანად მოიცავს მიკრო და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას – ეს ხდის ამ ლიცენზიას ასე მიმზიდველს პირადად ჩვენი კომპანიისთვის.
მთავარი ეფექტი, რასაც გამოიწვევს მიკრობანკების შემოღება, ეს არის პირველ რიგში სასესხო განაკვეთების შემცირება და ახალი ინვესტიციების მოზიდვა სექტორში. იმის გამო, რომ ის მიკროსაფინანსოები, ვინც მიიღებენ ამ სტატუსს დაქვემდებარებიან უფრო გაძლიერებულ რეგულაციებს – უნდა ვივარაუდოთ, რომ გახდებიან უფრო მიმზიდველები კრედიტორებისთვის, უფრო გამჭვირვალე და მაღალი რეპუტაციის კომპანიები, შესაბამისად, შეძლებენ უფრო იაფი რესუსრების მოზიდვას, რაც ბოლოსდაბოლოს უნდა გამოისახოს სესხებზე და კრედიტებზე განაკვეთების შემცირებით. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს კონკურენციის ზრდას და როგორც ყოველთვის, კონკურენციის ზრდით, მოგებული რჩება მომხმარებელი.
-თქვენმა კომპანიამ უკვე დაიწყო მზადება მიკრობანკის სტატუსის მისაღებად?
ჩვენ ჯერჯერობით ველოდებით კანონის მიღებას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი ამ კანონს მიიღებს. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვემზადებით. კანონის ლიცენზიის გაცემა ითვალისწინებს სტრატეგიული, 3-4 წლიანი ბიზნესგეგმის წარდგენას ეროვნულ ბანკში და უკვე დავიწყეთ ამ გეგმაზე მუშაობა.