„საქართველოში ჩვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკაა. მინდა ვუთხრა კომიტეტის წევრებს, რომ ის არის საქართველოში აშშ-ის ფანტასტიკური წარმომადგენელი და მე მას მხარს დავუჭერ ნებისმიერ დროს“, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკა შეაფასეს.
როგორც ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკა აშშ-საქართველოს პარტნიორობას ძირს გამოუთხრის.
„ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და მიუხედავად იმისა, რომ ეს არიან ჯგუფები, რომლებიც არ არიან მთავრობის ნაწილი, ზოგიერთ მათგანს, რომელიც უაღრესად და არასწორად კრიტიკულია ელჩის მიმართ, აქვს ახლო კავშირები მთავრობასთან და ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს შორის პარტნიორობას“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და თქვა, რომ დემოკრატიული უკუსვლა აშფოთებთ.
„საქართველომ ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ ის, რასაც ახლა ვხედავთ, ძლიერ გვაშფოთებს, რადგან ვხედავთ დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში“, – აღნიშნა კარენ დონფრიდმა სენატორ ბენ კარდინის კითხვის საპასუხოდ.
მისის თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს, რადგან შტატებში იხილეს მნიშვნელოვანი პროგრესი ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ამ პროგრესზე დაყრდნობით აშშ-ს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდა.
„მე ვიყავი საქართველოში იმ დღეს, როცა ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ კვირაში ევროპული საბჭოსგან მოვიდა, რომ საქართველოს მიენიჭებოდა ევროპული პერსპექტივა, როცა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ეს საქართველოში ძალიან ემოციური იყო.
მქონდა ლანჩი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებსაც თვალზე ცრემლები ჰქონდათ, რადგან საქართველო, როგორც იცით იყო ლიდერი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ის, რაც საქართველოზე ჩემს ყურადღებას იქცევს, არის რომ ქართველების 85 პროცენტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ვფიქრობ, ეს ახდენს ზეწოლას მთავრობაზე.
ჩვენ ვეუბნებით საქართველოს მთავრობას, რომ ვუერთდებით ევროკავშირის იმ რეფორმების სიას, რომლის გატარებისკენაც ევროკავშირი მოგიწოდებთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ თქვენ განახორციელებთ ამ რეფორმებს და ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ პროგრესი იქნება, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად შეშფოთებულები ვართ, რომ დღეს ეს პროგრესი არ არსებობს.
მინდა ყველას შევახსენო, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და სურს უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, მის აშშ-სთან ურთიერთობებზე და მის დემოკრატიაზე.
ასე, რომ მჯერა, რომ ჩვენი უწყვეტი ჩართულობა და მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და სამხრეთ კავკასიისთვის.“ – აღნიშნა კარენ დონფრიდმა.