ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში სერიოზულ უკუსვლას ხედავენ. შ
შაჰინის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ძირითადი ვალდებულება იყო კანდიდატის სტატუსი, რის შესრულებასაც გეგმავდა, თუმცა მისივე თქმით, ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ საკუთარ სიტყვას უღალატა:
„ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო ცდილობს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში პოზიტიური როლი ითამაშოს, მაგრამ თავად საქართველოში ძალიან სერიოზულ უკუსვლას ვხედავთ.
საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ. ვამბობდი, რომ შესაძლოა, ამ დახმარების გარკვეული ნაწილი საქართველოს მხრიდან ქცევასთან დავაკავშიროთ და მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი არ ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენს სტრატეგიას გადავხედოთ.
საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ვიფიქროთ იმ ვარიანტების შესახებ, რომლებიც ჩვენ უნდა ვცადოთ და პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ ამისთვის, რათა მათ იცოდნენ, რომ არსებობს შედეგები და ზოგიერთი ასეთი შედეგი შეიძლება იყოს ისეთი სახის დახმარება, რომელიც ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ. მე სრულიად ვეთანხმები, რომ ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე აქ, ეს მათი მთავრობაა, მაგრამ რაღაც მომენტში მათ უნდა მოსთხოვონ თავიანთი ხელისუფლებისგან მეტი პასუხისმგებლობა.
იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო ხანგრძლივი დისკუსიით შევძლებთ ამ თემაზე საუბარს, რადგან ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვა გზებზე, რომლითაც შეგვიძლია დაგეხმაროთ, რადგან, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, როგორც ჩანს, არ მუშაობს“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.