ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპულ ხუთ ბავშვს დღეს დაკრძალავენ.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე 6 იანვარს იყო გამოცხადებული.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში ტრაგედიის დროს, 5 იანვრის დილას, მხოლოდ ბებია და მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, სახლში ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ქალს, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა. არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, დაღუპული ბავშვების ბებიას მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.