საქართველოში იმპორტირებული სათამშოების ჩანაცვლება იგეგმება. ბავშვებისთვის გასართობ ნივთებს შპს Tbilisi Factory შექმნის, რომელიც პროდუქციის საწარმოებლად ხის მასალას გამოიყენებს.
როგორც ”ფორტუნას” Tbilisi Factory-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, საბა ღუდუშაურმა განუცხადა, კომპანია მინი-საწარმოს მოაწყობას, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოტანილი დანადგარი განთავსდება. აქვე მოეწყობა შოურუმიც და Tbilisi Factory-ის მიერ წარმოებული სათამაშოები გამოიფინება.
”წარმოებას უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. დაფინანსება მოვიპოვეთ ”სტარტაპ საქართველოს” ინოვაციურ კონკურსში. ახლა ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს საპარტნიორო ფონდთან და შესაბამისად, ამის შემდეგ უკვე გადმოგვეცემა კუთვნილი თანხა, რომლითაც სათამაშოების საწარმოს მოვაწყობთ”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
მისივე ინფორმაციით, Tbilisi Factory -ს ხის სათამაშოები ორიენტირებული იქნება არამხოლოდ ბავშვის გართობაზე, არამედ მის გონებრივ განვითარებაზეც. ამასთან, კომპანია გასართობ ნივთებს სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვისაც შექმნის.
რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებასა და რეალიზაციას, Tbilisi Factory -ის სათამაშოები საშუალოდ 30 ლარი ეღირება, პროდუქცის შეძენა კი მომხმარებელს კომპანიის შოურუმში, ასევე მაღაზიებსა და დიდ სავაჭრო ქსელებში შეეძლება. ამასთან, როგორც საბა ღუდუშაურმა განმარტა, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს თბილისის სკოლებსა და საბავშვო ბაღებთან, სადაც სამომავლოდ ხის სათამაშოების შეტანა იგეგმება.