საქართველოში კაპიტალური ბაზრის განვითარება იგეგმება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტრო მიერ უკვე შემუშავდა კაპიტალური ბაზრის კონცეფცია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
მთავრობის სამოქმედო გეგმა მოიცავს სააქციო ფასიანი ქაღალდების, კორპორატიული ობლიგაციების, დერივატივებისა და სხვა ინსტრუმენტების დანერგვას. საფონდო ბირჟის მენეჯმენტმა პოზიტიურად შეაფასა მთავრობის სამოქმედო გეგმა და წარმოადგინა საკუთარი ხედვა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
როგორც შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, კაპიტალური ბაზრის განვითარება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს და წინაპირობას ეკონომიკური აქტივობის ზრდისათვის.
მისი თქმით, კაპიტალური ბაზრის გააქტიურება შესაძლებლობას მისცემს კომპანიებს მოიზიდონ გრძელვადიანი ფულადი რესურსი ადგილობრივ ვალუტაში, რაც ამ ეტაპზე პრობლემას წარმოადგენს.
წლის ბოლომდე დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით საკანონმდებლო აქტების შემუშავება და ბირჟის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება, რაც თვისობრივად ახალ გარემოს შექმნის კაპიტალური ბაზრის განვითარებისთვის.
კაპიტალური ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს საფონდო ბირჟის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.