კომპანია, რომელიც საქართველოში საქმიანობს, ევროპაში სიდიდით მეორე ხიდის სამშენებლო ზედამხედველობას განახორციელებს.
ხიდის სამშენებლო ზედამხედველობას „Institute IGH“ განახორციელებს, რომელიც უკვე წელიწადნახევარია საქართველოშიც მუშაობს.
2,4 კილომეტრის სიგრძის და 55 მეტრის სიმაღლის პელეშაცის საავტომობილო ხიდი ხორვატიაში აშენდება, რომელიც ადრიატიკის ზღვაში მალოსტონსკის ყურეს გადაკვეთს. ხიდის მშენებლობა ივნისში დაიწყება და სამ წელიწადში დასრულდება. ხიდის სიგანე იქნება 21 მეტრი, რაც საკმარისია მოძრაობის ოთხი ზოლის მოსაწყობად.
„Institute IGH“-მ ტენდერი 8 მილიონ დოლარად მოიგო.
პელეშაცის ხიდი ხორვატიის ტერიტორიის ძირითად ნაწილს დააკავშირებს სამხრეთის რეგიონთან – ადრიატიკის ზღვაში მდებარე სამხრეთ დალმატიის ნახევარკუნძულთან და უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს დუბროვნიკ-ნერეტვას რეგიონთან, განსაკუთრებით ტურისტული სეზონის დროს.
„Institute IGH“ -მა საქართველოში საქმიანობა 2016 წლის ბოლოს დაიწყო. კომპანიის საქართველოს ფილიალი ახორციელებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფებრივი მნიშვნელობის გზების მჟშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტირებას.
„Institute IGH“ 1949 წელს დაარსდა ზაგრებში და ძველი იუგოსლავიის მასშტაბით ერთადერთი საინჟინრო-სამეცნიერო ორგანიზაცია იყო, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე მუშაობდა.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მშენებლობების პროექტირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას, კვლევებს, საკონსულტაციო მომსახურებას, ლაბორატორიულ ტესტირებას, სტანდარტიზაციას.